ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თუ ტურისტს საკუთარ ქვეყანაში ტესტირება არ ექნება ჩატარებული, მისი შემოწმება საქართველოში ჩამოსვლისას მოხდება
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თუ ტურისტს საკუთარ ქვეყანაში ტესტირება არ ექნება ჩატარებული, მისი შემოწმება საქართველოში ჩამოსვლისას მოხდება

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მუდამ მზადაა, სხვადასხვა ქვეყნის ტურისტი მიიღოს და ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობები, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვემყარებით საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად ინერგება. მნიშვნელოვანია, ტურისტები იყვნენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ნაკლებად რისკის შემცველ ქვეყნებს წარმოადგენენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმავდროულად ვიაზრებთ, რომ სხვა ტურისტებიც იქნებიან. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მუდამ მზადაა, სხვადასხვა ქვეყნის ტურისტი მიიღოს. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობები. როდესაც ტურისტი ქვეყანაში შემოვა, რა თქმა უნდა, მხოლოდ თერმოსკრინინგი არ იქნება საკმარისი. ჩვენ ვიცით, რომ გლობალურად სიტუაცია ბევრად უფრო გართულებულია და ვმსჯელობთ, თუ რომელ ლოკაციაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარალელურად ლაბორატორიული მომსახურება გვქონდეს და გარკვეული დაყოვნების შემთხვევაში, ტურისტმა ადგილზე მიიღოს ეს მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ მას ეს საკუთარ ქვეყანაში არ აქვს გაკეთებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პრინციპით და სისტემით გაკონტროლდებიან ქვეყანაში შემომსვლელი უცხოელი ტურისტები, როცა საქართველო საზღვრებს გახსნის.

მისი თქმით, ყველა ქვეყანა ვალდებულია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სანდო ლაბორატორიების ჩამონათვალი მიაწოდოს და საქართველო აღიარებს იმ ლაბორატორიების მიერ ჩატარებულ ტესტირებას, რომელთა ჩამონათვალსაც ჯანმო აქვეყნებს.

„ეს ტესტირება არ უნდა იყოს 72 საათზე მეტი დაყოვნების. ეს არის ეპიდემიის კონტროლის ერთ-ერთი შესაძლებლობა, როდესაც ტურისტი საქართველოში შემოვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.