ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალოდ 445 საწოლია თავისუფალი
ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 10 ათასი ტესტი ჩატარდა და ტესტირების შედეგად გამოვლინდა 2 501 დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იცით, რომ შაბათ-კვირას არის დაბალი აქტივობა, რაც აისახება ტესტირების კომპონენტში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ, გამოვლენილ რიცხვში საკმაოდ დაბალია გამოვლენა. რეალურად დღესდღეობით გვაქვს 25 პროცენტი, როდესაც გამოვლენის მაჩვენებელი 37 პროცენტს აღემატებოდა. დღესდღეობით გვყავს 3 988 გამოჯანმრთელებული, რაც ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვინაიდან საქართველოში გამოჯანმრთელების მაჩვენებელი არის 83 პროცენტი, რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალოდ 445 საწოლია თავისუფალი.
ამასთან, მინისტრის თქმით, შაბათ-კვირას ცხელ ხაზზე არ შესულა დამატებითი მოთხოვნა და პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით.
„მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ფაქტი, რომ შაბათ-კვირას საკმაოდ დაბალია სტაციონარიდან გაწერების აქტივობა. თუმცა, სასტუმროების კომპონენტის დახმარებით, ის პაციენტები, რომლებიც პარასკევიდან მოითხოვდნენ სტაციონარიზაციას, ყველა განთავსებულია და ეს ასევე აისახება 112-ისა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების კოორდინირებულ მუშაობაში. ამასთან, თუ ჩვენ პარასკევის მონაცემებით გვქონდა 631 გამოძახება და ასევე 488 მომლოდინე ზარი 112-ში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ცხელ ხაზზე არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა და პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით. დღეს 09:00 საათის მონაცემებით, გვქონდა 150 ზარი, საიდანაც კოვიდინფექციის მიმართულებით დაფიქსირებული იყო 100 შემთხვევა, რომელიც დღის განმავლობაში განთავსდება სტაციონარში. ძალიან ხშირი იყო, 112-ში განმეორებითი ზარები, სადაც ფიქსირდებოდა მოქალაქეების დაჩქარებაზე სურვილი, რომ სასწრაფო აგვიანებდა, ასევე იცით, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი ცხელი ხაზები, სადაც ვაკვირდებით მოსახლეობის მოთხოვნას, სადაც პრეტენზიებს აფიქსირებენ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.