ეკატერინე ტიკარაძე - 520-ე დადგენილებით, სახელფასო ანაზღაურების კუთხით არანაირი ცვლილება არ ყოფილა გათვალისწინებული
ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების ფარგლებში კლინიკებში სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურების კუთხით ტარიფებში რამე სახის ცვლილება გათვალისწინებული არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ მათ ახლა მედპერსონალის ხელფასების შემცირება უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება.
„520-ე დადგენილების თანახმად ანაზღაურების ვალდებულება სამინისტროს მაისში წარმოექმნება. შესაბამისად, კლინიკების მიერ გაცხადებული ფაქტი, რომ მათ ახლა უწევთ სამედიცინო პერსონალზე ხელფასების შემცირება, არის სიცრუე. გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარეობს მათთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში. 520-ე დადგენილების ფარგლებში, ტარიფებში ცვლილება არ ყოფილა შეტანილი სახელფასო ანაზღაურების კუთხით და კლინიკებს ამის საფუძველი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილება გასული წლის 21 ნოემბერს შევიდა ძალაში და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის კარდიოქირურგიისა და რეანიმაციის სერვისების მიმართულებით საერთო, გათანაბრებული ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. კლინიკების ნაწილი სამინისტროს მიერ დაწესებულ ტარიფებს აპროტესტებს. მათი განცხადებით, ტარიფები დაბალია, რაც ხარისხიანი მომსახურების გაწევის საშუალებას არ იძლევა.