ეკატერინე მიქაბაძე - საქართველოს მთავრობა ტურიზმის დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე „თიბისი კაპიტალის“ მიერ ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევის პრეზენტაციას დაესწრო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკაში, აგრეთვე იმ ღონისძიებებზე, რომელთაც მიმართავს ხელისუფლება ტურიზმის სექტორის განვითარების მიმართულებით.
მისი თქმით, 2018 წელს ტურიზმის პირდაპირმა კონტრიბუციამ მთლიან შიდა პროდუქტში 7,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ს 20 პროცენტს გაუტოლდა. ამავე დროს, ტურიზმის წილი მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ტურიზმის განვითარების პოზიტიური გადადინებით ეფექტზე სხვადასხვა სექტორის განვითარებისას, რამდენადაც ეს წარმოქმნის სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე დამატებითი მოთხოვნის შესაძლებლობას.
ეკატერინე მიქაბაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციაზე. მისი თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოსაზიდად.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული კიდევ უფრო აქტუალური გახდა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიაფრენები შეჩერდა, რამაც შეამცირა რუსეთიდან ტურისტების შემოსვლა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკით, აღნიშნულის შედეგად ტურისტული შემოსავლები ივლისში 13,3 პროცენტით, ხოლო აგვისტოში – 10,6 პროცენტით შემცირდა.
„ტურიზმის განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია. ის სხვადასხვა ინსტრუმენტითა და აქტივობით ხელს უწყობს ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ზრდას,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისი თქმით, ტურიზმის შემდგომი განვითარებისა და მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად ხორციელდება არაერთი აქტივობა, მათ შორისაა, ახალი ავიაკომპანიების შემოყვანა ავიაბაზარზე და პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა, ტურიზმში მომსახურების სერვისის ამაღლება, ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის მხარდაჭერა და მისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მისალმებების შემდეგ, პრეზენტაციაზე გაიმართა პანელ დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და სხვა პირებმა.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევაში დეტალურად არის აღწერილი ტურიზმის ინდუსტრიის ბოლო წლების განვითარება და ტურიზმში საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით გაანალიზებული და შეფასებულია საქართველოში ტურიზმის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები.