ეკატერინე მიქაბაძე - საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტის მიღება ქართულ ეკონომიკაში ინვესტორების შემოსვლას შეუწყობს ხელს
საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის დანაზოგების აკუმულირებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და მზად არის პარლამენტისთვის წარსადგენად.
„მთავრობას დღეს წარედგინა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის პროექტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ხანგრძლივად მიმდინარეობდა მუშაობა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, კერძო სექტორთან ინტენსიური კონსულტაციების ფონზე. დასრულდა მუშაობა და უკვე მზად ვართ, პარლამენტს წარვუდგინოთ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი. მოგეხსენებათ, ეს არის კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და კაპიტალის ბაზრის სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტი. ეს არის ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც დანაზოგების აკუმულირებას შეუწყობს ხელს და ფონდები, თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ თანხების სხვადასხვა სფეროში მიმართვას შეძლებენ. კანონი არის შემუშავებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასაც, თუმცა მორგებულია სრულად საქართველოს ეკონომიკას და მის თავისებურებებს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მოქნილი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრისა და საინვესტიციო ფონდების სტიმულირებას და ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
„კანონის მიღების ვადებთან დაკავშირებით, პარლამენტში განხილვებისა და დისკუსიებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საგაზაფხულო სესიაზე შევძლებთ მის მიღებას. მართალია, კანონზე მუშაობა დიდი ხნის პროცესი იყო, მთავარი გამოწვევა იყო კანონის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა და ქართულ რეალობასთან მისადაგება, რაც კერძო სექტორთან მიმდინარეობდა“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას.
„გარდა ამისა, კანონი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ეს არის ნაცნობი ბაზარი ევროპელი ინვესტორებისთვის ნაცნობი წესებით და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს ინვესტორების შემოსვლას ქართულ ეკონომიკაში. ყველა მიმართულებით წესრიგდება საინვესტიციო ფონდების საკანონმდებლო ჩარჩო, ეს შეეხება საგადასახადო მიდგომასც. სრულად არის გათვალისწინებული საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკა და ის არის საქართველოში საინვესტიციო ფონდების საქმიანობის მასტიმულირებელი“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.