ეკატერინე მიქაბაძე - Fitch-ის პოზიტიური შეფასება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და მაკროეკონომიკური მდგრადობითაა განპირობებული
ეკატერინე მიქაბაძე - Fitch-ის პოზიტიური შეფასება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და მაკროეკონომიკური მდგრადობითაა განპირობებული

სარეიტინგო კომპანია Fitch-ის დადებითი შეფასებები მნიშვნელოვანია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მაღალი ხარისხის კაპიტალს მოზიდვისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ Fitch-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივით „BB-“დონეზე შენარჩუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოში არსებული მდგომარეობა, რაც განპირობებულია ხელსაყრელი ბიზნეს და მმართველობითი გარემოს უზრუნველყოფით და რეგიონში არსებული შოკების მიმართ მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებით.

მისი განმარტებით, სარეიტინგო კომპანიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაფიქსირებულ მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც როგორც შიდა მოთხოვნის (ძირითადად ინვესტიციების), ასევე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგია. Fitch-ის შეფასებით, 2019-2020 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოდ 4.8 პროცენტს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ 3.5 პროცენტიან მაჩვენებელს.

Fitch-ის რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობა და პროგრამის წარმატებული მიმდინარეობის პროცესი, ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან თანხვედრა, გაუმჯობესება საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით და სხვა. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკრედიტო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების, მიმდინარე რეფორმების ფონზე, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებული საგარეო ვალისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირობებშიც კი გაიუმჯობესოს საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით და გადავიდეს „BB“ კატეგორიის მქონე ქვეყნების სიაში“, – განაცხადა მიქაბაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის მარტში სარეიტინგო კომპანია Fitch-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით.

საერთაშორისო საკრედიტო კომპანია Fitch-მა საქართველოს შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პოზიტიური პერსპექტივით.