ეკატერინე იმედაძე - საქართველოში აბონენტების მხოლოდ ერთ პროცენტს აქვს 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტი, როდესაც ევროპაში უკვე 55 პროცენტზე მეტი სარგებლობს, რადგან ეს შეთავაზება საქართველოში 136 პროცენტით უფრო ძვირია
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი კვლევის შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები ყურადსაღები, ხოლო ზოგიერთი მაჩვენებელი – საგანგაშოა. კერძოდ, ეკატერინე იმედაძემ ყურადღება გაამახვილა კვლევის შედეგად გამოკვეთილ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ, მაგალითისთვის, საქართველოში ფიზიკური პირებისთვის ფიქსირებულ ინტერნეტზე არსებული მაღალი მოცულობისა და სიჩქარის შეთავაზებები – 100 მბ/წმ – 136 პროცენტით უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში ანალოგიური პაკეტების საშუალო ფასი. ხოლო 10 გბ ინტერნეტი, სასაუბრო წუთებთან ერთად, მისი თქმით, 35 პროცენტით უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში.
კომუნიკაციების კომისიის წევრის თქმით, დაბალი მოცულობისა და სიჩქარის შეთავაზებები საქართველოში ევროპულის მსგავსი ან უფრო იაფია, თუმცა მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებები – მნიშვნელოვნად ძვირი.
„როდესაც ონლაინსივრცეში მომხმარებლის დრო გაზრდილია, მას ორი არჩევანი რჩება: გადაიხადოს ორჯერ ან გადაიხადოს პრემიუმ ფასი, რათა შეიძინოს სასურველი მოცულობა ან სიჩქარე“, – აღნიშნა იმედაძემ.
კითხვაზე, თუ რა მიზეზები განაპირობებს ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ასეთ მდგომარეობას, იმედაძემ უპასუხა, რომ კომისიის შემდგომი ნაბიჯები სწორედ მიზეზების იდენტიფიცირება და პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ქმედებები იქნება.
კომპანია „მაგთიკომის“ მიერ ფასების კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ გავრცელებული განცხადების შესახებ კომისიის წევრმა განაცხადა: „კვლევის შედეგები ყველაზე მეტად კომუნიკაციების კომისიას არ მოსწონს, ვინაიდან ჩვენი ამოცანა და მიზანი სწორედ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასები და კონკურენტული გარემოს შექმნაა, მაგრამ ეს შედეგები ასახავს რეალობას, ვინაიდან კვლევის შედეგები არის რიცხვები, რომელთაც ვერაფერი აღუდგება წინ და აქ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გამორიცხულია. რიცხვები ამბობს, რომ საქართველოში აბონენტების მხოლოდ ერთ პროცენტს აქვს 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტი, როდესაც ევროპაში ოჯახების 55 პროცენტზე მეტი უკვე ამ სიჩქარით სარგებლობს, რადგან ეს შეთავაზება საქართველოში 136 პროცენტით უფრო ძვირია. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ 20 გბ ინტერნეტი ფიზიკური პირებისთვის 36 პროცენტით ძვირია, ხოლო იურიდიული პირებისთვის ამ კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია და მათთვის 10 მბ/წმ ინტერნეტის ფასი 189 პროცენტით აღემატება ევროპულს“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა.
ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიის მთავარი ამოცანა აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებაა, რაზეც, კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ, მუშაობას დაიწყებს.
კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესახებ კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მაღალ ფასებსა და იურიდიული კომპანიებისთვის არსებულ რთულ პირობებზე მიუთითებდა.
„საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რეკომენდებულ ზღვარს, კერძოდ, მთლიანი ეროვნული შემოსავლის ორ პროცენტს აღემატება და 2.35 პროცენტს შეადგენს. ამასთან კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა წარმოადგენს. ასევე, საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული კომპანიების უმრავლესობა 30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობს“, – წერია OECD-ის ანგარიშში.