ეკატერინე დგებუაძე - მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 2021 წლის იანვრიდან 100 ლარით გაეზრდებათ
ეკატერინე დგებუაძე - მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 2021 წლის იანვრიდან 100 ლარით გაეზრდებათ

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს, ძალაში რჩება.

2021 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია, რომ მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.