ეკა სეფაშვილი - ზურაბიშვილის განცხადების პათოსს ვერ დავეთანხმები, ვერ გავიგე, რას გულისხმობს ორმხრივი ნაბიჯები, უმრავლესობის მხრიდან დათმობა რა უნდა იყოს, კანონის უზენაესობის დარღვევა?
ეკა სეფაშვილი - ზურაბიშვილის განცხადების პათოსს ვერ დავეთანხმები, ვერ გავიგე, რას გულისხმობს ორმხრივი ნაბიჯები, უმრავლესობის მხრიდან დათმობა რა უნდა იყოს, კანონის უზენაესობის დარღვევა?

„ხალხის ძალის“ წევრის ეკა სეფაშვილის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების პათოსს არ ეთანხმება.

სეფაშვილის განცხადებით, ქვეყანა დემოკრატიული პრინციპების თანახმად ვითარდება, რაც გულისხმობს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას და ყველა მოქალაქისთვის თანასწორობას. მისივე განმარტებით, ეს გაგრძელდება განუხრელად, ვინც არ უნდა იყოს განსასჯელის სკამზე.

„ვერ გავიგე, რას გულისხმობს ორმხრივი ნაბიჯები, უმრავლესობის მხრიდან დათმობა რა უნდა იყოს, კანონის უზენაესობის დარღვევა? ანუ კანონის უზენაესობა მოსამართლემ უნდა დაარღვიოს? თუ დემოკრატიულ პრინციპებზე უნდა ვთქვათ უარი? მის ამ მოწოდებას ვერ ვიღებ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ამასთან, ეკა სეფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, უფლება აქვს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„შევახსენებ თავისივე სიტყვებს, რიმელიც განაცხადა, როდესაც სააკაშვილი დააკავეს – „არა და არასოდეს“. ასევე შევახსენებ იმ პიროვნებების ოჯახის წევრების პროტესტს, რომელიც გამოთქვეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ შესაძლებელია, პრეზიდენტს შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი. მან ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ მას ვერ ვუკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეს.

როგორ შეიძლება ქვეყანაზე ცუდად აისახოს, რომ ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა გაუგონარი დანაშაულებები, წარდგა მართლმსაჯულების წინაშე და ქვეყანა პირნათლად ასრულებს კანონის მოთხივნებს. ქვეყანაზე ცუდად აისახება ის არასამართლიანი, დეზინფორმაციასა და ყალბ არგუმენტებზე აგებული პიარკამპანია, რომელსაც სააკშვილის ოჯახი აწარმოებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ დღეს ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მილიონ დოლარზე მეტი არის დახარჯული პიარკამპანიისთვის. პიარკამპანია თუ შეწყდება, ეს საკითხი თავისთავად მოიხსნება პოლიტიკური დღის წესრიგიდან“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, ეკა სეფაშვილის თქმით, „ირაკლი კობახიძე თავისი საქმის კარგი სპეციალისტი, მაღალი დონის პროფესიონალია და ღირსეულად მიჰყავს ქვეყანა და პარტია განვითრების იმ გზისკენ, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს“.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველამ უნდა დაამთავროს ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება.