ეკა სეფაშვილი - ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე გამოვთქვი შეშფოთება, რომ საქართველოში მყოფი ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რევოლუციურ მოწოდებებს შეუერთდნენ
იმის გამო, რომ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეოჩინოვიჩ ბურიჩმა გამოაქვეყნა არცთუ დადებითი განცხადება ჩვენთან დაკავშირებით, ვითხოვე, მოეცა შესაძლებლობა, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კომიტეტის წევრებისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომელიც მუდმივმოქმედი დელეგაციის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.
როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბურიჩის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში კრიტიკული შინაარსით გამოირჩეოდა.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონიტორინგის კომიტეტი განიხილავს ამა თუ იმ ქვეყნის პროგრესს და მიღწევებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ამ თვალსაზრისით, მონიტორინგის ქვეშაა 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. სხდომაზე, რომელიც ახლა ჩატარდა, საქართველოს საკითხი არ განიხილებოდა, თუმცა იმის გამო, რომ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეოჩინოვიჩ ბურიჩმა გამოაქვეყნა არცთუ დადებითი განცხადება ჩვენთან დაკავშირებით, ვითხოვე, მოეცა შესაძლებლობა, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კომიტეტის წევრებისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. ბურიჩის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კანონი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ არ შეესაბამება დემოკრატიის პრინციპებს და ასევე ნათქვამი იყო, რომ დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა. ასევე დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში საპარლამენტო პროცესი არ იყო წარმართული დემოკრატიულად და ოპოზიციას არ ჰქონდა შესაძლებლობა, სრულად გამოეხატა თავისი მოსაზრებები“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, კომიტეტის წევრები არ ფლობდნენ სრულ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მას მოუწია კოლეგებისთვის განმარტებების გაკეთება.
„სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით მივაწოდე კოლეგებს ინფორმაცია, რომ კანონი შედგენილია ევროკავშირის ევროდირექტივების სულისკვეთებიდან გამომდინარე და მას საფუძვლად უდევს FARA, თუმცა მასთან შედარებით ქართული კანონი უფრო რბილია და უფრო ნაკლებ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ასევე მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი მიტინგები თანდათანობით ძალადობრივ აქციებში და იმის შესახებ, რომ პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა. ხოლო ცალკეულ შემთხვევებს, რაზეც მიუთითებდნენ და საუბრობდნენ, რომ ისმის შენიშვნა პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, მე ცალსახად აღვნიშნე, რომ ყველა ამ შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება და აუცილებლად კანონის შესაბამისად მოხდება ყველა ამ ფაქტზე რეაგირება.
აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის კომიტეტის მონაწილეებს შორის დიდი იყო ინტერესი საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს საზოგადოება ძირითადად არ ფლობდა ინფორმაციას და თუ ფლობდა, მხოლოდ ცალმხრივად – ოპოზიციის მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას. ისინი არ იცნობდნენ უმრავლესობისა და მთავრობის პოზიციას.
ასევე, გამოვთქვი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ რევოლუციურ მოწოდებებს მას შემდეგ, რაც ჰქონდათ ოფიციალური შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.