ეკა სანიკიძე - ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში კარანტინი არ გამოცხადებულა, დაიკეტა ე.წ. მიმღები
ეკა სანიკიძე - ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში კარანტინი არ გამოცხადებულა, დაიკეტა ე.წ. მიმღები

გუშინ ნაჩქარევი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, კლინიკაში კარანტინი არ გამოცხადებულა, დაიკეტა პაციენტების მიღება, ე.წ მიმღები, იმასთან დაკავშირებით რომ ქალბატონს, რომელსაც დაუდგინდა „კოვიდ 19“, გახლდათ ჩვენი რეანიმაციის პაციენტი, – ამის შესახებ ჰოსპიტლის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა, ეკა სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძის თქმით, პაციენტი მათ კლინიკაში კოვიდის სიმპტომებით არ შესულა, თუმცა მოგვიანებით მისი გამოკვლევა საჭირო გახდა იქიდან გამომდინარე, რომ ქალის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„გამოკვლეული რომ არ ყოფილიყო როგორც კონტაქტი, მას არ ჰქონდა არანაირი ნიშნები. შემოსვლისას პაციენტმა გაიარა ის პროცედურები, რომელიც კოვიდის გავრცელების შემდეგ არის დადგენილი, მათ შორის სწრაფი ტესტი, რომლის ჩატარების გარეშეც ჩვენ პაციენტები არ შეგვყავს.

პაციენტთან კონტაქტში მყოფი მედპერსონალი იმყოფება დაკვირვების ქვეშ და როგორც კი რაიმე სიმპტომი ექნებათ, კოვიდზე ანალიზს გავუკეთებთ. მივსდევთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ფუნქციონირებას, რადგან ყველაფერს ჩაუტარდა დეზინფექცია. თუ პერსონალი კარგად იცავს ინფექციის კონტროლის წესებს, ამ შემთხვევაში რისკი მათი ინფიცირების არის მინიმულური. შესაბამისად, ასეთი პირდაპირი ჩვენება, რომ ყველა იზოლაციაში უნდა წავიდეთ, არ იქნება და ვერ იქნება, ვინაიდან ჩვენ ვიცავთ ყველა წესს.

გვაქვს დიდი იმედი, რომ ინფიცირება არ უნდა მომხდარიყო. დაზღვეული არაფრისგან ვართ, თუმცა სამედიცინო ლოგიკით და ინფექციის კონტროლის არსებული თეორიით, ვფიქრობთ, რომ მინიმალურია ეს რისკი“,- განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულის ქრონიკული უკმარისობით მოათავსეს, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო ჰოსპიტალი დროებით დაიხურა.