ეკა ლალიაშვილი - ავტომობილებს გამონაბოლქვზე ეფექტურად არ ამოწმებენ, ტექდათვალიერების გავლის შემდეგ მათი ნაწილი ჰაერს ისევ აბინძურებს
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ ავტომობილებს ეფექტურად არ ამოწმებენ, ტექდათვალიერების გავლის შემდეგ მათი ნაწილი ჰაერს ისევ აბინძურებს.
„ადმინისტრციულ სამართლდარღვევათა კოდექსში 193-ე მუხლის ადმინისტრირება პრაქტიკულად არ ხდება და ავტომობილების გამონაბოლქვზე დაჯარიმებულთა რაოდენობა ნულია. ეს აღსრულების უფრო აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს. ამ საკითხში საპარლამენტო კონტროლის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმების კუთხით სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა დისკრედიტაციას განიცდის, თუ პასუხი არ გაეცემათ იმ მძღოლებს, რომელთა მანქანებიც ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან და კვლავ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლად რჩებიან“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
ეკა ლალიაშვილის აზრით, საკანონმდებლო ცვლილებები ე.წ მეორად საბურავებსაც უნდა შეეხოს, რადგან ტექინსპექტირების დროს არა საბურავის ვადა, არამედ მისი პროტექტორის სიღრმე მოწმდება.
„მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები ე.წ მეორად საბურავებზე, რომელიც დღეს საქართველოში შემოდის. ახალი ავტომობილების გარდა, თითქმის ყველა მანქანას ვადაგასული საბურავები აქვს, საიდანაც მტვერი და მყარი ნაწილაკები იფრქვევა და რეალურად ამის კონტროლი არ ხდება. საბურავების ვადას ტენიკური ინსპექტირება არ ამოწმებს. მხოლოდ პროტექტორის სიღრმე მოწმდება“, – განმარტავს ლალიაშვილი.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ტექინსპექტირების მიმდინარე პროცესებზე კვლევას ატარებს, რომლის პრეზენტაცია ნოემბერში იგეგმება.