ეკა ხერხეულიძე - შესაძლებელია, ელენე ხოშტარიას შეუერთდნენ სხვა ადამიანებიც და არ გამოვრიცხავ, ისინი ჩვენი კოლეგები იყვნენ, თუმცა არ ვხედავ ამის აუცილებლობას
შესაძლებელია, ელენე ხოშტარიას შეუერთდნენ სხვა ადამიანებიც და არ გამოვრიცხავ, ისინი ჩვენი კოლეგები იყვნენ, თუმცა არ ვხედავ ამის აუცილებლობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „დროას“ თავმჯდომარის დღევანდელი გადაწყვეტილება შიმშილობის გამოცხადების შესახებ არის მამაცური საქციელი და აღნიშნა, რომ მისი ბრძოლა დასაფასებელია.
„ელენეს გადაწყვეტილება, მისი ეს კონკრეტული ნაბიჯი გახლავთ მამაცური მოქმედება და საქციელი, როგორც ერთი ადამიანისა და როგორც ჩვენი ქვეყნის ერთი მოქალაქის. თავისთავად, ვუცხადებ სოლიდარობას. მომწონს ბრძოლის ეს ფორმა, უბრალოდ თუ მკითხავთ, რატომ არ ვუერთდები ამ აქტს, გიპასუხებთ, რომ მე მაქვს კონკრეტული საქმეები, რომლებიც არ გადაბარდება და ვერ გადაბარდება, ყველას ჩვენი როლი გვაქვს ამ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ელენეს შეუერთდნენ სხვა ადამიანებიც და მე არ გამოვრიცხავ, ისინი იყვნენ ჩვენი კოლეგები, თუმცა არ ვხედავ ამის აუცილებლობას. ელენეს ბრძოლა თავისთავად, ერთი ინდივიდის არის ძალიან დასაფასებელი, მისასალმებელი და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ სწორედ ასეთი მოქმედებებით, მშვიდობიანი, ყველანაირი გზა უნდა მოძებნოს იმისთვის, რომ დასრულდეს ეს რეჟიმი, დასრულდეს ასეთი დიქტატორული გადაწყვეტილებები, თავისთავად არის მისაბაძი და სამაგალითო. ეს გახლავთ ჩემი პოზიცია“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
მისი თქმით, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტში იმიტომ დაიწყო, რომ „პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ აქვს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია“.
„თავისთავად, აქედან უნდა მოხდეს ქვეყნის რეფორმირება და ადამიანს, რომელსაც არ აქვს უფლებამოსილება შეწყვეტილი – მინდა, გავახსენო ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ახლა ფიქრობენ, როგორ გაიყვანონ ელენე აქედან. ელენე ხოშტარიას არ აქვს დეპუტატის უფლებამოსილება შეწყვეტილი. აქედან გამომდინარე, ვერ გაიყვანთ, მეგობრებო, ამ შენობიდან. თუ ამას შეეცდებით, კიდევ უფრო მეტ ფასს გადაიხდით, ვიდრე იმას, რომ დეპუტატი ოთახში შიმშილობს გამჭვირვალედ, ღიად ყველასთვის და დაფარული აქ არავინ იქნება. თუ შეეცდებით გაყვანას, მოჰყვება რეაქცია.
რეაგირება უნდა მოჰყვეს ერთადერთი, უნდა მიხვდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კვდება, 34-ე დღეა, შიმშილობს, ამ ვითარებაში აუცილებელია, ის გადაიყვანონ კლინიკაში სამკურნალოდ. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გადაყვანა გლდანის საავადმყოფოში ან გორის ჰოსპიტალში. ეს გონივრული გადაწყვეტილება თუ იქნება მათი მხრიდან, ელენე იმ წუთიდან შეწყვეტს შიმშილობას. ასე რომ, პრობლემა ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
„დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში.