ეკა გიგაური - შალვა თადუმაძე არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესის მოსამართლეც არ უნდა იყოს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ცნობილია, რომ შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს.
როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შესახებ თავად თადუმაძემ ისაუბრა, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა.
გიგაურის აზრით, შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის შესაბამისი კადრი არ არის.
„ეს ალბათ ჩვენთვის ახალი ინფორმაცია არ არის, რადგან თავის დროზე როდესაც თადუმაძე მონაწილეობდა კონკურსში, მან თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს. ვფიქრობთ, შეცდომა იყო საერთოდ მისი ამ კონკურსში მინაწილეობა, პარლამენტმა სათანადოდ არ გადაამოწმა მისი განათლების საკითხი და დიპლომის მართებულობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც ეზენაესი მოსამართლე უნდა იყოს ის და ცხადია, არ უნდა გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. თუმცა ალბათ მთავარია, რომ რადგანაც ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ის გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რათა პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყოს ლოიალური და მისი ერთგული“ ,- განაცხადა ეკა გიგაურმა.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გახდეს. თადუმაძე ერთ-ერთია იმ 14 მოსამართლეს შორის, რომლებიც პარლამენტმა გასული წლის 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა.
დღესვე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ საკითხის კომენტირებისას არ გამორიცხა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გახდეს. თუმცა, თოდუას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.