მზია თოდუა - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ეტაპები რაღაც ჯოჯოხეთია, მე განაცხადს არ შევიტანდი
მზია თოდუა - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ეტაპები რაღაც ჯოჯოხეთია, მე განაცხადს არ შევიტანდი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

თოდუას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს არსებობს კანონი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს.

„ეს არის მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩვენ ხომ შედარება უნდა გავაკეთოთ, რა იყო გუშინ, რა არის დღეს. მანამდე, როგორ ხდებოდა შერჩევა, საერთოდ არავის არაფერს ეკითხებოდნენ, ისე ხდებოდა წარდგენა. ახლა არსებობს კანონი, რომელმაც დაადგინა კრიტერიუმები, არის ეტაპები. ეს ეტაპები არის რაღაც ჯოჯოხეთი, მე რომ მკითხო. მე არ შევიტანდი განცხადებას, რადგან დამერწმუნეთ, ძალიან ძნელია, ამდენი და ასეთი სტრესი გაიარო. აღნიშნულმა კანდიდატებმა ეს სტრესი გაიარეს. შეიძლება მეკითხებით, რატომ არ არის ყველა ტოპ მოსმართლე? არც ერთი ქვეყნის უზენაეს სასამართლოში არ არის ყველა ტოპ მოსამართლე. შეიძლება იყოს რამდენიმე, ისიც საკმარისია. დანარჩენები კარგი პროფესიონალები უნდა იყვნენ და ისინი ერთად იმუშავებენ, მიიღებენ გადაწყვეტილებას“ ,- განაცხადა მზია თოდუამ.

რაც შეეხება მოსამართლეებთან დაკავშირებულ კრიტიკას, თოდუა ამბობს, რომ მას ბოლომდე არ იზიარებს.

„თუმცა ჩვენ გვესმის, რომ სიტყვის თავისუფლებიდან გამომდმინარე კრიტიკა უნდა იყოს, მაგრამ მივესალმებით ობიექტურ კრიტიკას“ ,- აღნიშნა მზია თოდუამ.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხს, თუ რატომ არ წარუდგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ დრომდე პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა, თოდუამ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ ღირსეულ კანდიდატს ეძებენ.

„ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან საბჭოს წევრი არ ვარ, ალბათ ღირსეულ კანდიდატს ეძებენ და ათანხმებენ“ ,- აღნიშნა მზია თოდუამ.

მზია თოდუამ საკითხის კომენტირებისას არ გამორიცხა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გახდეს. თუმცა, თოდუას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

„იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ ურთიერთობა გვქონდა, ბატონ შალვას ვახასიათებ საუკეთეო პროფესიონალად და ყველაზე მთავარი, რაც თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს, ეს არის, რომ მას შეუძლია, ურთიერთობა დაამყაროს, არის ძალიან გაწონასწორებული და თავისი საქმის კარგი მცოდნე“ ,- განაცხადა მზია თოდუამ.