ეკა გიგაური - სენატორების ვიზიტი ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა, მნიშვნელოვანია, რომ მათთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ვილაპარაკოთ
ეკა გიგაური - სენატორების ვიზიტი ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა, მნიშვნელოვანია, რომ მათთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ვილაპარაკოთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების სენატორებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია. როგორც გიგაურმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ისაუბრებენ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგას ქვეყანა.

გამოწვევებზე საუბრისას, გიგაურმა ხაზი გაუსვა საარჩევნო სისტემასთან, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსა და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს.

„პირველ რიგში, სენატორების ვიზიტი არის მხარდაჭერის ძალიან დიდი გამოხატულება ქართველი ხალხის მიმართ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც უნდა ვიცოდეთ. რა თქმა უნდა, ამისთვის მათ მადლობას გადავუხდით. ჩვენი მხრიდან არის მნიშვნელოვანი, რომ ვილაპარაკოთ იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა.

ჩვენ ველოდებით რამდენიმე თვეში ადგილობრივ არჩევნებს, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის. მთავარია, რა რეფორმები გატარდება არჩევნებამდე, მათ შორის ეხება ეს საარჩევნო სისტემას, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს და ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება სასამართლოს. ჩვენთვის, ჩვენი ორგანიზაციისთვის, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დგას ქვეყანა, არის სასამართლო სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ ჩავატარებთ ამ სიღრმისეულ რეფორმებს, ცხადია, საუბარი, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრები, იქნება ნაადრევი. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს რეფორმები ჩავატაროთ და ამისთვის იყოს შესაბამისი პოლიტიკური ნება, რომელსაც ვერ ვხედავთ.

ვფიქრობ ეს არის ორი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ამის დაძლევის შესაბამისად აღმოფხვრის შემთხვევაში, ცხადია, ჩვენ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კრიზისს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როდესაც მოსახლეობას და პოლიტიკურ პარტიას კითხვის ნიშნები არ ექნება არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ეს არის მთავარი ჩვენი გამოწვევა, ეს უნდა გავაკეთოთ და ამას უნდა მივაღწიოთ. სხვა შემთხვევაში, ყოველთვის გვექნება ასეთი კრიზისები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც გაწერილია შარლ მიშელის დოკუმენტში, ძირითადად ასახულია იმ რეფორმაში, რომელიც განიხილება დღეს პარლამენტში. ვგულისხმობ საარჩევნო რეფორმას. ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რჩება ცესკო-ს დაკომპლექტების საკითხი. რეალურად, უნდა იყოს სერიოზული მექანიზმები, რათა პროფესიული წევრები და ცესკო-ს თავმჯდომარე დაინიშნოს ოპოზიციის ჩართულობით, სხვა შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები იქნებიან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული, მათ საქმიანობასთან მიმართებით იქნება კითხვის ნიშნები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს მექანიზმი გვქონდეს. ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა, რომ დღეს ცესკო-ს თავმჯდომარე ვინც გვყავს, ის უნდა წავიდეს თანამდებობიდან და ახალმა თავმჯდომარემ ჩაატაროს ადგილობრივი არჩევნები. ცესკო-ს მიმართ ნდობა არის დაბალი, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩვენ აღარ გვქონდეს შვიდთვიანი და რვათვიანი კრიზისი. ეს კრიზისი ცუდია ქვეყნისთვის, აფერხებს ქვეყნის განვითარებას და არ გვაძლევს საშუალებას, რომ სხვა მიმართულებით ვიმუშაოთ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამერიკელი სენატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.