ეკა გიგაური - რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ, ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ
ეკა გიგაური - რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ, ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ

დაშინება და შეშინება ადამიანების არის არასწორი, ეს საფრთხე დღეს არ დგას, რადგან რუსეთი ომს აგებს უკრაინაში და შესაბამისად, იქ არ ყოფნის რესურსები, ამიტომ ის ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ დღეს სწორი მიმართულებით უნდა წავიყვანოთ დისკუსია და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ, ასევე ყველანაირად ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ, – „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.

როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოს მთავრობამ ომით კი არ უნდა დააშინოს ხალხი, არამედ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ახალი პერსპექტივები აჩვენოს, მაქსიმალურად გააერთიანოს საზოგადოება, ჩართოს ყველა ჯგუფი, რომელიც იბრძვის რომ საქართველო გახდეს უკეთესი ქვეყანა და გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

„უკრაინაში რუსეთი აგებს ომს და ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ერთობა დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოში, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა პუტინის რეჟიმი დასუსტდეს და განადგურდეს. როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩნდება ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, მათ შორის საქართველოს ევროპასთან და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, ამიტომ როცა ეს შესაძლებლობა გვაქვს, ამ დროს მნიშვნელოვანია, სწორი ნაბიჯები გადავდგათ. სწორი ნაბიჯები არის ის, რომ აუცილებლად უნდა ვიდგეთ დასავლეთის გვერდით. ჩვენი მთავრობა, ხალხი უნდა იდგეს დასავლეთის გვერდით. ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს.

ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია სწრაფად მოხდეს, ასევე უნდა დავგეგმოთ რეფორმები, ნაბიჯები, რომელიც დადებით შეფასებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ფაქტობრივად, პოზიტიურად დაგვირგვინდება ეს სვლა. ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რას აკეთებს სახელმწიფო, რათა ეს საფრთხეები მოვაგვაროთ. ამისთვის მნიშვნელოვანია სპეციალური ფორმატები, მათ შორის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაფართოებული, სადაც ყველა იქნება დამსწრე, იქნებიან ოპოზიციური პარტიები, იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ასევე მმართველი პარტია, რათა მათ ერთად იმსჯელონ, რას ვაკეთებთ უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ნაწილში და ეკონომიკის კუთხით ვიცოდეთ, ხელისუფლების პოზიცია. ხელისუფლებამ უნდა დააწყნაროს საზოგადოება, მიაწოდოს ინფორმაცია, რა შეიძლება მოხდეს, როცა ეს სანქციები იმოქმედებს რუსეთზე და რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, რათა ჩვენზე ნაკლებად უარყოფითი გავლენა მოახდინოს ამ ყველაფერმა.

მე მგონია, რომ ყველანაირი დისკუსია, რომელიც არის მიმართული იმისკენ, რომ რაღაცნაირად არ დავდგეთ დასავლეთის გვერდით, ეს არის რუსული ნარატივი რუსეთის ინტერესი. დღეს საქართველოს შეიძლება ჰქონდეს უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, რადგან ჩვენ გამოვხატავთ პოზიციას ამ ბრძოლაში დასავლეთის გვერდით. ჩვენ დასავლეთი ყოველთვის განგვიხილავდა, როგორც პარტნიორებად და დღეს ეს ყველაფერი უნდა დავამტკიცოთ. ვფიქრობ, საფრთხეები არსებობს, მაგრამ ეს არ არის ის საფრთხეები, რომელზეც დღეს საუბრობს სახელმწიფო. ჩვენი მთავარი საფრთხე არის ის, რომ ეს შესაძლებლობების ფანჯარა შეიძლება ვერ გამოვიყენოთ, რადგან არასწორ დისკუსიებს ვატარებთ არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ვართ დაყოფილები, მთავრობა არ ელაპარაკე ხალხს და არ ფიქრობს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა გიგაურმა.