ეკა გიგაური - ოჯახს არ შეუძლია დაიტიროს არჩილ ტატუნაშვილი და ეს გვანახებს, რომ რუსეთი არ შეიძლება იყოს საქართველოს მეგობარი
ეკა გიგაური - ოჯახს არ შეუძლია დაიტიროს არჩილ ტატუნაშვილი და ეს გვანახებს, რომ რუსეთი არ შეიძლება იყოს საქართველოს მეგობარი

მართლაც ტრაგიკული ფაქტია, რომ ოჯახს არ შეუძლია დაიტიროს გარდაცვლილი ადამიანი და ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ რუსეთი არ შეიძლება იყოს საქართველოს მეგობარი, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ რუსეთი არის საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ტრაგედიების მიზეზი.

„რა პოლიტიკასაც ატარებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში, არის აგრესიული და მას არ შეიძლება უნდოდეს საქართველოს განვითარება. ის არ შეიძლება, რომ ზრუნავდეს ჩვენს მოქალაქეებზე. ვფიქრობ, დღეს იმ ადამიანებს, რომლებიც პრორუსული განწყობებით არიან გაჟღენთილები, მათ უნდა ვანახოთ ეს ფაქტი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ რუსეთი არის აგრესორი და ზუსტად ესეთი ტრაგედიების მიზეზი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გიგაურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. ოჯახისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ არც ტატუნაშვილის ცხედარი გადაუციათ.