ეკა გიგაური - ჩვენ არ განგვიცხადებია, რომ მაინცდამაინც ბიომეტრული პირადობის მოწმობები იბეჭდება, ძველი პირადობის მოწმობის საბეჭდი აპარატები რეგიონებშია შემორჩენილი
ეკა გიგაური - ჩვენ არ განგვიცხადებია, რომ მაინცდამაინც ბიომეტრული პირადობის მოწმობები იბეჭდება, ძველი პირადობის მოწმობის საბეჭდი აპარატები რეგიონებშია შემორჩენილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ განუცხადებიათ, რომ წინასაარჩევნოდ მაინცდამაინც ბიომეტრული პირადობის მოწმობები იბეჭდება, ძველი პირადობის მოწმობის საბეჭდი აპარატები კი რეგიონებშია შემორჩენილი.

„ჩვენ არ ვიცით და არც დაგვიზუსტებია, ძველი პირადობის მოწმობები იბეჭდება თუ ახალი. ეს უნდა დაადგინოს პროკურატურამ, ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო. როგორც ვიცი, ძველი პირადობის საბეჭდი აპარატები არის რეგიონებში“,- განუცხადა „ნეტგაზეთს“ ეკა გიგაურმა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ დღეს განაცხადა, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხასა და გარდაბანში საბეჭდი ცენტრები არ აქვს, შესაბამისად, იქ ბიომეტრული დოკუმენტები არ იბეჭდება.

კითხვაზე, წალენჯიხაში არსებობს თუ არა საბეჭდი მოწყობილობა, რომლითაც იბეჭდება ძველი ლამინირებული მოწმობები, სოსო გიორგაძე აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ლამინირებული მოწმობები საერთოდ არ იბეჭდება.

„დღეს, 20 ნოემბერს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული არაბიომეტრული დოკუმენტების ბეჭდვის მხოლოდ ერთეული შემთხვევები არსებობს. ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ იბეჭდება. ეს არის ცალსახა პასუხი”, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.