ეკა ციმაკურიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ აფგან მუხთარლის საქმეზე
ძალიან მნიშვნელოვანი და უკვე კრიტიკულად აუცილებელია, რომ სახელმწიფო საგამოძიებო ორგანოებმა საზოგადოებას მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებაზე, – განაცხადა პირველ არხთან „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ეკა ციმაკურიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი განცხადებით, გამოძიების დეტალების გასაიდუმლოება საფრთხეს უქმნის ქვეყნის იმიჯს და ამ თემაზე საერთაშორისო რეზონანსი დღითიდღე იზრდება.
როგორც ეკა ციმაკურიძემ აღნიშნა, ის გარემოება, რომ დღემდე არ გასაჯაროებულა ამოღებული ვიდეომასალა, ამყარებს ეჭვს გამოძიებაზე პოლიტიკური ზეგავლენის შესახებ.
„ამ საქმეს თავიდანვე მოჰყვა დიდი საერთაშორისო რეზონანსი, მაგრამ ახლა უკვე ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად, როგორიცაა „ფრიდომ ჰაუსი“, თავის ანგარიშებში ერთ-ერთ პირველ საკითხად საქართველოსთან მიმართებით სწორედ აფგან მუხთარლის საქმეს ასახელებენ, ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით და საზოგადოების დროული ინფორმირებულობა გამოძიების დეტალებზე“, – განაცხადა ეკა ციმაკურიძემ.