ეკა ბესელია - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკითხის განხილვას მაქსიმალური გამჭვირვალობა და პროცედურების ზუსტი დაცვა სჭირდება
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკითხის განხილვას მაქსიმალური გამჭვირვალობა და პროცედურების ზუსტი დაცვა სჭირდება.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, მისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.
“ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი საკითხი. ამ საკითხს მაქსიმალური გამჭვირვალეობა და პროცედურების ზუსტი დაცვა სჭირდება. კანდიდატების თაობაზე ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, რადგან თან არ ახლავს ბიოგრაფია და მონაცემები. უნდა შევისწავლოთ, ყველას ბიოგრაფია. პროცედურა მოითხოვს, რომ კანდიდატებს მოვუსმინოთ და კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღოს, რეკომენდაციას ვის აძლევს და ვის – არა. მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს ძალიან ეჩქარება, რადგან მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავს, ეს პრობლემური მოცემულობა კანონის ხარჯზე არ უნდა გამოსწორდეს”, – განაცხადა ბესელიამ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გუშინ გაასაჯაროვა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.