ეკა ბესელია უმრავლესობის სხდომაზე მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე კანონპროექტს წარადგენს
დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე კანონპროექტს წარადგენს.
როგორც ბესელიამ უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტის მისი ვერსია ამ საკითხზე გამართული შეხვედრების ანალიზს ეფუძნება.
„დღეს კონკრეტული კანონპროექტით მოვედი. მზად ვარ, უფრო შინაარსობრივ ნაწილზე გადავიდეთ და ვიმსჯელოთ, რა უნდა იყოს კანონში ჩაწერილი. ვერსია, რომელიც მზად მაქვს, ეფუძნება არა მხოლოდ ჩემს მოსაზრებებს, არამედ ყველა შეხვედრის ანალიზს, რომელიც გასულ კვირაში გავმართეთ. რეალური განხილვის გადმოტანა პარლამენტში უნდა მოხდეს. ერთი მთავარი პრინციპი, რასაც ჩვენი შეთავაზება ეფუძნება და გუშინ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა პოზიცია, რომ ისიც ემხრობა, პარლამენტს მეტი მანდატი უნდა გვქონდეს. ეს არის ჩვენი პროექტის მთავარი პრინციპი. მხოლოდ ის სია კი არ უნდა განვიხილოთ, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, არამედ უფრო გრძელი სია კანდიატებისა, რომელიც გამოგზავნილი უნდა იყოს პარლამენტში“, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მაღალი სანდოობა არ აქვს. შესაბამისად, ბესელია მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა პარლამენტმა უნდა აიღოს და საბჭოს კონსტიტუციური ვალდებულება დარჩეს სიის წარდგენაზე.
„დღეს კოლეგებს შევთავაზებ კრიტერიუმების შემოტანას, რომელმაც კანდიდატების სია უნდა გაცხრილოს, დამატებით გარედან მოხდეს კადრებს შემოყვანა და არა მხოლოდ სისტემიდან, რაც რისკებს დააზღვევს. კანდიდატის ასაკი, პროფესია და სტაჟი, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი, ვერ შეიცვლება“, – აღნიშნა ბესელიამ.
ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ დამატებით კრიტერიუმებად აუცილებელია სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საკითხის შემოღება, სადაც კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევებია დადგენილი.
„პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები, რომელზეც პარლამენტს დადგენილება მიღებული აქვს, ასეთი საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის დამატებითი კრიტერიუმები ჩაიდოს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფმა უნდა მოისმინოს ყველას კომპეტენტური პირის მოსაზრება.
„გუშინ დავინახე, რომ შესაძლებელია, პროცესი კონსენსუსისკენ წავიდეს და არა კონფრონტაციისკენ. თუ მთავარ ფასეულობებე შეთანხმებას მოვახერხებთ ერთი ვერსია იქნება. თუ კინსენსუსი ვერ შედგა, ამას დღეს ვიტყვით და დავაინიცირებთ პროექტს, რომელსაც ჩვენ დავუჭერთ მხარს“, – განაცადა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ.