ეკა ბესელია - ვინც კომპეტენციის თვალსაზრისით არც ერთ კურსზეა და არც ერთ კლასში, სხვის კომპეტენიას ვერ შეაფასებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია თანაგუნდელებს ურჩევს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაიხედონ.
ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია ვანო ზარდიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ის ადამიანები კონსტიტუციის დებულებაში ჩაიხედავენ, ვინც კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებენ და სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ, უკეთესი იქნება, რადგან იმ ნორმას წაიკითხავენ, რაც კონსტიტუციაში წერია.
„კლასებსა და კურსებზე საუბარი და შეფასება, ვინ რომელ კურსზეა შეიძლება იმ ადამიანმა გააკეთოს, რომელიც რომელიმე კურსზე მაინც არის. ვინც კომპეტენციის თვალსაზრისით არც ერთ კურსზეა და არც ერთ კლასში, სხვის კომპეტენიას ვერ შეაფასებს. აქ წერტილს ვსვამ, რადგან არ მინდა, გვარები დავასახელო”, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატი ყურადღებას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თაობაზეც ამახვილებს და ამბობს, რომ ახალი მოსამართლეების სასამართლო სისტემაში შესვლა დროებით უნდა შეჩერდეს, რადგან ვითარება ისეთია, რომ მოსამართლეთა გამწესების არსებული ნორმების გამოყენება არასწორად ხდება.
„საჭიროა, უვადოდ დანიშვნა შევაჩეროთ. იმგვარი სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს, რომ არსებული სისტემის შევსება ახალი მოსამართლეებით მოხდეს. კიდევ ახალ ინიციატივას მოვამზადებთ იმის თაობაზე, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების მიმართ რა ხდება. ანუ, მათზე, ვინც უკვე დანიშნულია. ვნახავთ, ცვლილებებს მხარს ვინ დაუჭერს. სწორედ აქ, მნიშვნელოვან საკითხს მივადექით”, – განაცხადა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ანტიკონსტიტუციური უწოდა: „პირველ კურსელი იურისტიც კი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, სამართლებრივი ჩარჩოებიდან და კონსტიტუციის შინაარსიდან იმდენად გასულია. ეს პოლიტიკური წინადადება უფროა. ამას არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს, რადგან ეს არის არაკონსტიტუციური“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.