შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, ახლა მე მეორე ეტაპს ალბათ ნაადრევად დავიწყებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფო კილაძის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, უმჯობესია, ცოტა წინდახედულება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ყველამ, როცა შეფასებებს აკეთებენ.
„ახლა შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, მეორე ეტაპს ნაადრევად დავიწყებ ალბათ და მერე ვიღაც არ აღმოჩნდეს კიდევ უხერხულ მდგომარეობაში. ყველას ვურჩევ, ვინც დაკავებულია და იმ პოზიციით, რომ ვერ გაუგია, სად არის და რატომ არის, ცოტა გაიაზროს პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკოს, რადგან იმ ზონაში შევა, სადაც თავად დაიკარგება და ვეღარ გამოაგნებს გზას. უმჯობესია, ცოტა წინდახედულება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ყველამ, როცა ასეთ შეფასებებს გააკეთებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ სოფო კილაძის გამოსვლის საპასუხოდ.
სოფო კილაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ყოვლად გაუგებარია, რატომ უკავშირებს ეკა ბესელია გადადგომას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს.
ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ გაუძღვა. ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.