ეკა ბესელია - საზოგადოებრივ მაუწყებელს, ერთი მხრივ, სჭირდება მონიტორინგი და მეორე მხრივ, მოქნილი და გამართული კანონმდებლობა
საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც აქვს სახელმწიფო დაფინანსება, ბუნებრივია, ერთი მხრივ, სჭირდება კარგი კონტროლი, მონიტორინგი და მეორე მხრივ, სჭირდება მოქნილი და გამართული კანონმდებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილების იმ ნაწილს, სადაც საუბარია სარეკლამო დროსთან დაკავშირებით, ასევე სარეკლამო დროის ზომიერ ლიბერალიზაციაზე, ევროპის მაუწყებელთა კავშირი მიესალმება.
“ევროპის მაუწყებელთა კავშირი მიუთითებს, რომ ევროპის ქვეყნებში მაუწყებლები სარეკლამო დროის კიდევ უფრო მაღალი ლიმიტით სარგებლობენ და ეს ცვლილება არის შესაბამისობაში საეთერო სტანდარტთან. სოციალური რეკლამა ცალკე არ არის განხილული. რაც შეეხება ევროპის საბჭოს გენერალურ დირექტორატს, მან განიხილა საკითხი 25%-იანი საეთერო დროის დათმობის თაობაზე. მიჩნეულია, რომ სარეკლამო დროის და შესყიდვების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სასარგებლო ცვლილებებია, რადგან უკეთ აყალიბებს საზოგადოებრივის რეკლამირების კონცეფციას, არ იმსახურებს ევროპის საბჭოს მხრიდან უარყოფით შეფასებას. ასევე არის რეკომენდებული, რომ ცვლილება, რომელიც ეხება საეთერო დროის დათმობას, არის დადებითი, თუმცა მეტი სიცხადისთვის, უნდა დაკონკრეტებულიყო, რა პროდუქციის და დროის დათმობაზე იყო საუბარი. ასევე დადებით ფაქტორად იყო მიჩნეული, მეოცე მუხლთან დაკავშირებული ცვლილება და აქვე იყო ჩანაწერი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა სწორედ ასეთი წესებით სარგებლობს და ამით ვუახლოვდებით იმ სტანდარტებს, რომელიც აქვს ევროკავშირს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ხელმძღვანელობისა და მართვის ცვლილებებზე მითითებულია, რომ სხვა სტანდარტებთან შესაბამისობაშია და დირექტორს უნდა შეეძლოს შიდა მენეჯმენტის თავისუფლად, ხელშეშლის გარეშე წარმოება.
“განხილულია ცვლილება სარეკლამო დროსთან დაკავშირებით, ყოველ საათში 90 წამი, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. შესყიდვების შესახებ კანონპროექტზე ასევე არის მითითება, რომ საქართველო, არის თუ არა ის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ცდილობს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც მისასალმებელი ფაქტია. ეს არის ორი ექსპერტიზა, რომელიც ამ კანონპროექტს საერთაშორისო ექსპერტიზის კუთხით ჩაუტარდა. სამუშაო ფორმატში განხილვის დროს მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ეხებოდა ინფორმაციის თავისუფლების ნაწილს, რომ გარკვეული ინფორმაცია მაუწყებლის მხრიდან ეთერში გასვლამდე შეიძლებოდა ყოფილიყო კონფიდენციალური, ამ საკითხმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მაუწყებლის მხრიდან საკმაოდ ნათლად, მკაფიოდ და დამაჯერებლად იყო ახსნილი, რომ ამ აკრძალვის მიღმა არ იყო სხვა არაფერი, გარდა კონკურენტულ გარემოში მინიმალური გარანტიებისა, რომ ეთერში გასვლამდე ჰქონოდათ გარკვეული ინფორმაციის, მასალის მომზადების პროცესში დახურულ ფორმატში შენახვის შესაძლებლობა. თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ამ საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია, ინიციატორები დავდექით იმ პოზიციაზე, რომ არასწორი ინტერპრეტაციის, თუნდაც რაიმე კითხვის ნიშნების თავიდან აცილების გამო, უკან გავიწვიეთ ეს ცვლილება და საერთოდ ამოვიღეთ ეს ჩანაწერი. ეს პოზიცია მაუწყებელმაც გაიზიარა, რაც იყო კარგი გადაწყვეტილება, რადგან ზედმეტი და ხელოვნური კითხვები არ გაჩნდა იქ, სადაც ძალიან მაღალი შეფასება აქვს ქვეყანას, როდესაც ვლაპარაკობთ ინფორმაციის თავისუფლების ნაწილში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ბოლო შეხვედრაზე ერთობლივი კონსულტაციების შედეგად, ინიცირებული ვერსიის რამდენიმე საკითხის კორექტირება მოხდა და კანონპროექტმა მიიღო ისეთი სახე, რომელიც პრინციპების დონეზე უთუოდ იმსახურებს მხარდაჭერას.
“იმ რამდენიმე საკითხზე, რომელიც კოლეგების მხრიდან კომიტეტებზე გამოითქვა, რა თქმა უნდა, მეორე მოსმენის ფორმატში, შესაძლებლობა გვექნება ვიმსჯელოთ და ვიმუშაოთ. ვფიქრობ, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციებით შესაძლებელი გახდა ახლა უკვე საბოლოო ვერსიის ფორმატში მხარდაჭერა იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელზეც უკვე გესაუბრეთ”, – განაცხდა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, მაუწყებელს, რომელსაც აქვს სახელმწიფო დაფინანსება, ბუნებრივია, ერთი მხრივ, სჭირდება კარგი კონტროლი და მონიტორინგი, მეორე მხრივ კი მოქნილი და გამართული კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
“ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ეს კანონპროექტი პრინციპების დონეზე პასუხობს ამ მიზანს, რა მიზანიც აქვს ამ სამუშაო პროცესს და შემოთავაზებულ კანონპროექტს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.