ეკა ბესელია - კონსტიტუციით, პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი იუსტიციის საბჭოს წევრის გამოწვევა არ შეუძლია
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება არ აქვს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის უფლებამოსილებები კონკრეტულად არის გაწერილი კონსტიტუციაში.
ბესელიას განმარტებით, პრეზიდენტს კონსტიტუციაში გაწერილი უფლებამოსილებით, მის მიერ წარდგენილი კანდიდატის გამოწვევა არ შეუძლია.
„არ უწერია პრეზიდენტს თავის უფლებამოსილებაში მის მიერ წარდგენილი კანდიდატის უკან გამოწვევა. კანონში რომ ეს წერია, არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციით ამის უფლება პრეზიდენტს აქვს. ამიტომ, ეს არის წინააღმდეგობრივი ნორმა. იუსტიციის საბჭოს წევრები კონსტიტუციას უნდა კითხულობდნენ ჯერ, რადგან კონსტიტუცია არის ქვეყნის ძირითადი კანონი. ამიტომ, ვერაფერი დაემატება იმ უფლებამოსილებებს, რაც კონსტიტუციაში ჩაწერილი არ არის“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ამასთან, ბესელია ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოწვევის უფლება პარლამენტს აქვს.
„პარლამენტს უწერია ეს კანონში, რეგლამენტში და კონსტიტუციით აკრძალული არ არის. სურვილი იმდენად დიდია, რომ არ გამოვრიცხავ, საბჭოს წევრებმა ჩანაწერი წიკითხონ ისე, როგორც სურთ. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებზე, რომლებიც გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებენ, არ მაქვს მაღალი წარმოდგენა, რომ ისინი კარგად ერკვევიან კანონმდებლობაში. საბჭოს წევრებმა გადააბიჯეს ყველა წითელ ზღვარს და იქცევიან ისე, რაც ნამდვილად შეურაცხყოფს და აზიანებს საბჭოს რეპუტაციას“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად ისინი ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ. მათი განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.