ეკა ბესელია - ნიკა მელიასთან დაკავშირებით ვიდრე ყველა ინსტანცია არ ამოიწურება, პარლამენტმა გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია განმარტავს, რომ ვიდრე ნიკა მელიას საქმეზე მართლმსაჯულების ყველა ინსტანცია არ იქნება ამოწურული, პარლამენტმა მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, რადგან ვადებში არაფერი ირღვევა.
როგორც ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ განუცხადა, როცა ყველა ინსტანცია დასრულდება, დამნაშავე პირისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება შემდეგ იქნება.
„რა უნდა გააკეთოს, პარლამენტმა? გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რეგლამენტსა და კანონს ვიწროდ წაიკითხავენ, მეორე ნაწილი შეეცდება, კონსტიტუციური ნორმები უფრო ფართოდ წაიკითხოს. ვისაც ფართოდ გახელილი თვალები აქვს მათ მოვუწოდებ, ვინც კანონს ვიწროდ კითხულობს, რჩევა მისცენ, არ იჩქარონ, რადგან პარლამენტს ვადები გაწერილი არ აქვს, რა ვადებში შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტოს.
კონსტიტუციური ნორმა ფართო განმარტებისაა და ამბობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი საფუძველი არის, პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღოს, დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტოს. მაგრამ ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი პირველი ინსტანციისაა და მეორე და მესამე ინსტანციამ რომ შეცვალოს, საჭიროა, პარლამენტმა მართლმსაჯულებას დასრულება აცალოს. ვიდრე ყველა ინსტანცია არ არის ამოწურული, პარლამენტმა გადაწყვეტილება იქამდე არ უნდა მიიღოს, რადგან ვადებში არაფერი ირღვევა. პარლამენტმა მართლმსაჯულებას უნდა აცალოს და ისე არ უნდა მოხდეს, როგორც წინა შემთხვევაში, როცა იჩქარა, პროკურატურას დაკავების თანხმობა მისცა და სასამართლომ უარი თქვა. მაშინ, ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო პარლამენტისთვის, როგორც ინსტიტუტისთვის“, – განაცხადა ბესელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების – ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
ზურაბ ადეიშვილს კი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლისა და სამი თვის ვადით, მასვე ორი წლით და სამი თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.