ეკა ბესელია - „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და ფიქრობს, საწადელს არეულობით მიაღწიოს, მაგრამ ეს არ გამოვა
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპი პროვოკაციული სურვილით მიმდინარეობს, მათი მიზანია, ქვეყანაში ქაოტურობის განცდა შექმნან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც დესტაბილიზაციის გეგმასთან დაკავშირებით შს მინისტრ გიორგი გახარიას კომენტარს ეხებოდა.
ეკა ბესელიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს და ფიქრობს, რომ საწადელს არეულობით მიაღწევს.
„ვხედავთ საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპი, ძალიან აშკარა ხელწერით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიმდინარეობს პროვოკაციული სურვილით და მათი სასურველი მიზნით, რომ ქვეყანაში რაღაც ქაოტურობის განცდა შექმნან. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს გამარჯვების და ფიქრობს, რომ მხოლოდ არეულობით შეიძლება, საწადელს მიაღწიოს. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს მათ ინტერესებშია, მაგრამ ყველა ინსტიტუტი, ყველა უწყება, ყველა სამსახური, ჩვენ ყველა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდ გარემოში, რაც შეიძლება თავისუფალ გარემოში, პროვოკაციების თავიდან აცილების გზით, არჩევნების დღეს უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი არჩევანი ყველა მოქალაქისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ვისაც ცუდი განზრახვა აქვს, სჯობს, დაივიწყონ, რადგან ეს არ გამოვა.
„ვისაც ბოროტი განზრახვა აქვს თავში, სჯობს, დაივიწყოს, არ გამოვა ეს ამბავი. მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდება, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ შსს-მ დეტალურად იცის ყველა გეგმა, რომელიც წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის მიზნით მზადდებოდა, თუმცა, მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.