ეკა ბესელია - მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, ამ პატარა, სუსტ კაცებს მიხედოს, თავისი ადგილი მიუჩინოს
შექმნილ არეულობაში იკვეთება, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობენ, ქვეყნის მართვა არ ინდობა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ მისთვის შეცდომით გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინების შესახებ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებს კენჭისყრის პროცესში ღილაკების ფერების შემდეგ შეტყობინების ადრესატები ერევათ.
„აღიარება მივიღეთ, რომ ეს სპეციალური გზავნილი მომზადდა. ფერების შემდეგ აერიათ ადრესატები. ეს აღარ უნდა გაგვიკვირდეს“, – განაცხადა დეპუტატმა.
ეკა ბესელიას შეფასებით, მსგავსი ადამიანების ხელში მართვის სადავეები ძალიან სახიფათოა. ის „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, ამ ადამიანებს თავისი ადგილი მიუჩინოს.
„ადამიანთა ჯგუფი ვერც ფერებს არკვევს და ვერც ადრესატებს, ვის უნდა გაუგზავნოს სალანძღავი, შეურაცხმყოფელი და თავდასხმისკენ მიმართული გზავნილი. სახიფათოა მათ ხელში სადავეები. მათ პატრონს კიდევ ერთხელ მივმართავ და ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ეს პატარა, სუსტი კაცები, რომელთაც პოლიტიკური სილა რამდენჯერმე გავაწანი, ამდენი სილაგაწნული ადამიანი საცოდავად გამოიყურება და რამდენჯერ შეიძლება ეს გავაკეთო? თუ ყოველ დღე ამით ვიქნები დაკავებული, შემებრალებიან. მან შეიბრალოს, მიხედოს, უპატრონოს, თავისი ადგილი მიუჩინოს, თორემ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მასზე გადადის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება განცხადებას, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სიაში ეკა ბესელიას ჩასმა არ სურდა, დეპუტატი ამბობს, ეს ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას, პარტია „ქართულ ოცნებაში“ ყოფნაზე კი, მას არავის რეკომენდატორობა არ სჭირდებოდა.
„იმ ადამიანს გამბედაობა ეყოფა, ვისკენაც მიმართული იყო ეს გზავნილი და მან უპასუხოს ამ კითხვას, იყო თუ არა ამის მომხრე ან წინააღმდეგი. პირადად მე, არავის რეკომენდატორობა არ მჭირდებოდა 2016 წელს ჩემს პარტიაში ვიქნებოდი თუ არა, მაგრამ საინტერესოა, ვინ იყვნენ ზარდიაშვილ-მდინარაძის რეკომენდატორები და იქნებ, საზოგადოებას მოუყვნენ. ნაციონალური ბნელეთიდან გამოქცეული ადამიანების რეკომენდატორები ვინ იყვნენ? რეკომენდატორი არ მჭირდება. ეს ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ ყველაფერი აღიარა და ის სილაგაწნულია.
„რაც შეეხება ასევე სილაგაწნულ და საცოდავად მომზირალ მდინარაძეს, რომელმაც გუშინ ყველაფერი აღიარა, რაც უნდა ის გაასაჯაროოს, თუ უნდა, წაშლილი მესიჯი აღადგინოს, რადგან ყველაფერი გასაჯაროებულია. გაანაწილეს ერთმანეთში ვოლსკიმ, მდინარაძემ, კობახიძემ და გასაჯაროებულია. უბედურება იმაშია, რომ ეს ადამიანები ასე იმართებიან. ეს პატარა სუსტი ბიჭები პოლიტიკურად იმდენჯერ არიან ნაცემი, ამის გაგრძელებას აღარ ვაპირებ, პატრონმა მოხედოს. რამდენჯერ შეიძლება, ეს გავაკეთო. ჩემი ენერგია სერიოზულ საკითხებზე მემეტება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ სატელეფონო გზავნილში, რომელიც შემთხვევით ეკა ბესელიამ მიიღო, ეწერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო. მამუკა მდინარაძის თქმით, მოკლე ტექსტური შეტყობინება ინფორმაციული ხასიათის იყო. მანამდე დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი ტექსტი შემთხვევით მასვე გაუგზავნა.