ეკა ბესელია - კომისიის ოპოზიციურ წევრებს შანსი ჰქონდათ, კვალიფიციური და ობიექტური დასკვნა მოემზადებინათ, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენეს
ეკა ბესელია - კომისიის ოპოზიციურ წევრებს შანსი ჰქონდათ, კვალიფიციური და ობიექტური დასკვნა მოემზადებინათ, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენეს

კომისიის ოპოზიციურ წევრებს შესაძლებლობა და შანსი ჰქონდათ, რომ კომისიის მანდატის ფარგლებში კვალიფიციური და ობიექტური დასკვნა მოემზადებინათ, სამწუხაროდ, მათ ეს შანსი არ გამოიყენეს,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიღებულია ისეთი დასკვნა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს.

ბესელიას თქმით, დადგენილების პროექტსა და რეკომენდაციებს მოამზადებენ, რომელიც პარლამენტს წარედგინება.

„კომისიის ოპოზიციურ წევრებს, რომლებსაც კომისიაში უმრავლესობა მივეცით, შესაძლებლობა და შანსი ჰქონდათ, რომ კომისიის მანდატის ფარგლებში კვალიფიციური და ობიექტური დასკვნა მოემზადებინათ, რომელიც იქნებოდა კანონის შესაბამისად შედგენილი. სამწუხაროდ, მათ ეს შანსი არ გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ისეთი დასკვნა მიიღეს, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მართლმსაჯულების სფეროში იჭრება და ეს პირდაპირი ჩარევაა სასამართლოზე და ეს ის არის, რაც საკანონმდებლო ორგანომ არასოდეს არ უნდა დაწეროს. ჩვენ დოკუმენტი წარმოვადგინეთ, რომელიც აბსოლუტურად შესაბამისობაშია ფაქტებთან და იმ მანდატთან, რაც კომისიას აქვს, პასუხისმგებლობით მომზადებულია, ამიტომ დასკვნა სესიაზე წარდგენილი იქნება, მაგრამ კენჭი დადგენილებას ეყრება და არა დადგენილების პროექტს. დადგენილების პროექტსა და რეკომენდაციებს მოვამზადებთ, რომელიც პარლამენტს წარედგინება“,- განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის მიერ წარმოდგენილ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ კენჭისყრაზე ასევე დააყენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომელსაც ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ცხრა წინააღმდეგი წავიდა.