ეკა ბესელია - ხელისუფლებამ გაუშვა უნიკალური შანსი, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ დგას დემოკრატიულ გზაზე
დამოუკიდებელმა დეპუტატის, ეკა ბესელიას შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადება იმ პოზიციის დემონსტრირებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აღარ ექნება ის დიდი მხარდაჭერა, რაც ჰქონდა.
მისი თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ კრიტიკულად შეაფასა მოსამართლეების არჩევის პროცესი.
„არის მკაცრი და ნეგატიური შეფასებები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ კრიტიკულად შეაფასა მოსამართლეების არჩევის პროცესი და თქვა, რომ ეს იყო ძალიან ცუდი. ხელისუფლებამ გაუშვა უნიკალური შანსი, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ ის დგას დემოკრატიულ გზაზე. მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს. ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის უკვე ნეგატიური შეფასება, რომელიც ყველა დასკვნაში მოხვდება, რომ საქართველომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში დაუშვა საბედისწერო შეცდომა. მან იმედი გაუცრუა ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომელიც არა მხოლოდ გულშემატკივრობდა ქვეყანას, არამედ ფინანსურ დახმარებას უწევდა მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში.
ეს არის მათი მხრიდან ერთგვარი არა ყვითელი ბარათი, არამედ უკვე წითელი ბარათი. ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა, როდესაც ამდენი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც მოხდა იმ მოსამართლეების მხარდაჭერა, რომლებსაც ნდობა და რეპუტაცია არ ჰქონდათ. ეს არის მომავალში რეალურად იმ პოზიციის დემონსტრირება, რომ ის დიდი მხარდაჭერა, რაც ხელისუფლებას ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ბუნებრივია, აღარ იქნება“, – განაცხადა ბესელიამ.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.