ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურების დაწყებას არ გამორიცხავს
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურების დაწყებას არ გამორიცხავს.
ჟურნალისტებთან საუბარში ბესელიამ განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ირაკლი კობახიძეს აკისრებს.
„მისი ავტორიტეტი და სანდოობა მაღალი არ არის. მკაცრი და სუბიექტური მიდგომები მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში კი არ უნდა გამოიჩინოს, პრინციპულ საკითხებზე უარის თქმა უნდა იცოდეს, როცა საქმე პარლამენტს, სასამართლოს, მოსამართლეთა სიას, კონსტიტუციასა და მოსამართლეთა ჯგუფის კაპრიზების დაკმაყოფილებას ეხება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კითხვაზე, დააყენებს თუ არა ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, ბესელია პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია მიმდინარე პროცესებზე.
„ვნახოთ, დაველოდოთ. ეს მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. კანონპროექტსა და კონსტიტუციის ცვლილებაზე ვფიქრობ, ირაკლი კობახიძეზე ფიქრისთვის ცოტა ადგილი მრჩება, მაგრამ დრო ამისთვისაც მოვა“, – განაცხადა ბესელიამ.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარე შეიძლება პარლამენტმა თანამდებობიდან გადააყენოს.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პარლამენტის წინაშე წერილობით შეიძლება დასვას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შვიდი დღის ვადაში პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებს და პლენარულ სხდომაზე პარლამენტს დასკვნას წარუდგენს.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს განხილვის გარეშე, საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში. პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენებულად ითვლება, თუ მის გადაყენებას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.