ეკა ბესელია - არ ვაპირებ, ვისაუბრო, რაც გუნდში ხდება, თუ მომიწევს რაღაცებზე პასუხის გაცემა, ეს პასუხი არ იქნება ტკბილი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ხვდება.
„ჩემი განცხადება გადადგომაზე ბიუროს ექნება ორშაბათს, თუმცა იქამდე პირველი მოადგილეს საკითხია გასარკვევი, რადგან მან უნდა შეასრულოს თავმჯდომარის მოვალეობა, ვიდრე თავმჯდომარეს ავირჩევთ პლენარულ სესიაზე, ეს იქნება გაზაფხულზე. არის უამრავი საკითხი, რომელიც მე მიმყავდა კომიტეტში, რადგან ამ საკითხების წყვეტა შუა გზაზე მიტოვება ძალიან დააზიანებს საპარლამენტო მუშაობას, გადაბარება და ბევრი თემაა და ბუნებრივია, პროცესი უმტკივნეულოდ რომ წარიმართოს, ეს არის ნორმალური. თავად მოვითხოვე რომ ეს კონსულტაციები გაიმართოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეხვედრაზე იქნება თუ არა საუბარი პოლიტიკურ თემებსა და დაპირისპირებაზე.
„ეს არ არის ახლა მთავარი თემა, თანამდებობა რომ მდომებოდა, ვიყავი თანამდებობაზე და არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. არავისთან არ მაქვს დაპირისპირება, მე მაქვს განსხვავებული პოზიციები, არის საკითხები, რაზეც არასოდეს ვისაუბრებ საჯაროდ და თქვენ არ მოგისმენიათ ჩემი საჯარო კრიტიკა გუნდთან დაკავშირებით. ეს იყო პირველი ჩემი საჯარო განცხადება, რადგანაც უნდა ამეხსნა გადაწყვეტილების მიზეზი, რეალურად რა იყო. არც მომავალში ვაპირებ, ვისაუბრო იმაზე, რაც გუნდში ხდება. მაგრამ, თუ მომიწევს რაღაცებზე პასუხის გაცემა და თუ ამის აუცილებლობის წინაშე დავდგები, ეს პასუხი არ იქნება ტკბილი“, – აცხადებს ეკა ბესელია.
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომ ეკა ბესელიასთან თანამდებობიდან მის გადადგომაზე ისაუბრებს.
„ეს შემდგარი ფაქტია. რაც შეეხება დანარჩენს, ამაზე საზოგადოება ბუნებრივია, მოგვიანებით შეიტყობს. კანდიდატებს რაც შეეხება. ამაზე ბუნებრივია, ვერც ირაკლი კობახიძე და ვერც ეკა ბესელია ერთპიროვნულ პოზიციას ვერ დააფიქსირებს. ეს გუნდის გადასაწყვეტია. როგორც გუნდი გადაწყვეტს, ისე იქნება წარმოდგენილი შესაბამისი კანდიდატი. ამაზე მსჯელობა უახლოეს მომავალში გვექნება და როგორც კი მომდევნო პლენარული სხდომა გაიმართება, ეს თებერვალი იქნება თუ უფრო ადრე, რა თქმა უნდა, კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი დამტკიცდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.