ეკა ბესელია - დარწმუნებული ვარ, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ახალი სია შევა
ეკა ბესელია - დარწმუნებული ვარ, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ახალი სია შევა

ეკა ბესელია აცხადებს, რომ დარწმუნებულია, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ახალი სია შევა, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, გამორიცხულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული იმავე კანდიდატების წარდგენა მოხდეს პარლამენტში.

„ირაკლი კობახიძესთან ძალიან კარგი და ჯანსაღი საუბარი გვქონდა. შეიძლება მე და ირაკლი კობახიძეს განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, ეს ხელს არ მიშლის იმ საკითხებზე ვისაუბრო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ საქმე საჯარო ინტერესსა და პარლამენტის მუშაობას ეხება, რომელიც არ შეიძლება შეფერხებული იყოს. პროცესი არ შეიძლება დაზიანდეს, იმის მიუხედავად, ვის რა განწყობა და პოზიცია აქვს ერთმანეთის მიმართ. მგონია, რომ მოქმედებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ საჯარო ინტერესი ყოველთვის მაღლა უნდა იდგეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დღეს შეხვდა.