ეკა ბესელია - ჩემდა სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძეს მიაჩნდა, რომ უზენაეს სასამართლოში წარდგენილ მოსამართლეთა სიის მხარდაჭერა შესაძლებელი იყო
ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, ვინც თავის დროზე პოლიტიკაში აღმოჩნდა იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობდა მართლმსაჯულება და იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი მქონდა, რომელშიც ახლა ბატონი კობახიძეა შესული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„მე, ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, ვინც თავის დროზე პოლიტიკაში აღმოვჩნდი, რადგან ქვეყანაში არ არსებობდა მართლმსაჯულება და იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი მქონდა, ვიდრე ახლა ბატონი კობახიძეა შესული. ამაზე კომფორტულ კაბინეტზე ვთქვი უარი 2006 წელს, როდესაც ადვოკატი ვიყავი. მქონდა საკუთარი კომპანია, ძალიან კომფორტული გარემო, თავისუფლება, მაგრამ არ გვქონდა სასამართლო.
როდესაც ქუჩაში გავედით მე და ჩემი მეგობრები და ძალიან ბევრნი ვიბრძოდით, მაგრამ არა ის ადამიანები სხვათა შორის, ვინც ღიად გვიპირისპირდება ამ პოზიციის გამო, ისინი ამ ბრძოლაში არ მინახავს. 2016 წელს ძალიან ადვილია, გამარჯვებულ გუნდთან მიხვიდე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ბესელია ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, მისთვის წარმოუდგენელი იყო ერთ დღეში მოსამართლეთა სიის სესიაზე განხილვა, მხარდაჭერა და სხდომაზე გატანა, რაზეც შეთავაზება მისივე თქმით, ირაკლი კობახიძისგან მიიღო.
დეპუტატის თქმით, სია იდეალურიც რომ ყოფილიყო და მასში არ მოხვედრილიყო ძალადობრივი რეჟიმის სასამართლოსთან პირდაპირკავშირში მყოფი პირები, სესიაზე მსგავსი ფორმატით გატანა მისთვის წარმოუდგენელი იყო.
„პირდაპირ გეტყვით, პარასკევს სხდომის ჩანიშვნის იდეა ჩემთვის მოწოდებული იყო პირდაპირ ირაკლი კობახიძის მხრიდან. პარლამენტის თავმდჯომარეს, ჩემდა სამწუხაროდ მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომის ჩატარება პარასკევსვე, ამ სხდომაზე ამ სიის მხარდაჭერა და იმავე დღეს სიის სესიაზე გატანა. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ. სხდომის გამართვის პრინციპული წინააღმდეგი ვიყავი. როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, უნდა მომეწვია ამ დღის წესრიგით სხდომა, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვიყავი.
ვესაუბრე ირაკლი კობახიძეს ცალკეც. ვუთხარი, რომ არ შეიძლებოდა ჰქონოდა ასეთი პოზიცია. იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარეც. არ მინდა ამ დეტალებზე საუბარი, მაგრამ იქაც გამოვთქვი ჩემი პოზიცია. იმის შემდეგაც შევხვდი პარლამენტის თავმჯდომარეს და ვუთხარი, რომ არ შეიძლება ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი ასეთი ფორმით გადაწყდეს, არ შეიძლება მას არ ჰქონდეს სწორი პოზიცია“,- განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეკა ბესელიასთვის ვიცე-სპიკერების ფლიგელში კაბინეტის მომზადება სექტემბერში დაიწყო და შესაბამისად, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადაწყვეტილება, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე, არავითარ კავშირში არ იყო სასამართლოს საკითხთან.
ეს განცხადება კობახიძემ სწორედ იმ კაბინეტთან გააკეთა, რომელიც მისივე თქმით, ეკა ბესელიასთვის იყო განკუთვნილი.
იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ კობახიძეს უპასუხა:
„ირაკლი კობახიძემ დაიწყო ამ თემაზე საუბარი და ახსენა ჩემთვის შემოთავაზებული თანამდებობა. ცოტა სასაცილოდ და არასერიოზულად მეჩვენება, ეს გაღებული და გამზადებული კაბინეტი არ ტოვებდა მთლად კარგ შთაბეჭდილებას.
რა თქმა უნდა, ჩემი გადაწაყვეტილება, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის თაობაზე, განაპირობა წლის ბოლო კვირამ. სია რომ შემოვიდოდა, რაღაც დროს, ეს ყველამ იცოდა, მაგრამ არ გვქონდა მოლოდინი, რომ ეს მოხდებოდა წლის ბოლო კვირას, ასე ნაჩქარევად“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.