ეკა ბესელია - არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან დაკავშირებულ მოსამართლეებს
საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენა მოსამართლეთა სიაზეა დამოკიდებული, – ეს განცხადება იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა.
ბესელიას თქმით, „ქართული ოცნებიდან“ მისი შესაძლო გარიცხვა მისთვის მეასეხარისხოვანი საკითხია.
„პირადად ჩემი გადაწყვეტილება ამ უმრავლესობაში დარჩენის დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით. იმ უმრავლესობის წევრი არ ვიქნები, რომელიც ხმას მისცემს მოსამართლეებს, რომლებიც დაკავშირებული არიან სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან“, – განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, ეკა ბესელიას აზრით, ზაფხულში მას ვიცე-სპიკერის თანამდებობა იურიდიული კომიტეტიდან ჩამოსაშორებლად შესთავაზეს.
„ზაფხულში იყო შემოთავაზება უფრო მაღალი თანამდებობის. სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ორ საკითხზე კრიტიკული პოზიცია მქონდა. გარკვეული ჯგუფისთვის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ იყო სანდო და ამ შემოთავაზებით მოფიქრებული იყო სქემა, რომ იურიდიული კომიტეტი გათავისუფლებულიყო იმ თავმჯდომარისგან, რომელიც ხელს შეუშლიდა გარკვეული ჯგუფის ინტერესების გატარებას. იურიდიული კომიტეტი არ უნდა გახდეს მომავალშიც ფილიალი იმ ჯგუფის, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და არ მგონია, რომ ეს სახელმწიფოებრივი ინტერესები იყოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.