ეკა ბესელია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არასდროს დაუჭერს
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არასდროს დაუჭერს. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, საპარლამენტო არჩევნები ძალიან ახლოს არის და ნდობის ყველაზე მეტი მანდატი ვის ექნება, ამას ხალხი გადაწყვეტს.
„მაინც მგონია, რომ ეს ის არჩევნებია, რომელმაც სიახლე უნდა მოიტანოს და უკვე ნანახ, ძველ და საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ რეალობაში არ დავბრუნდეთ. ნანახი გვაქვს, როცა სააკაშვილი ქვეყნის პირველი პირი იყო. არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება პოლიტიკური კონსენსუსისა და შეთანხმების ნაწილი. პირადად მე ამას მხარს არასდროს დავუჭერდი. ხალხს უნდა ცვლილება, ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა. ქვეყანაში რეალობა ისე უნდა შეიცვალოს, რომ სრულიად ახალი მოცემულება შეიქმნას – სხვადასხვა პარტიისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა უნდა იყოს, რომელსაც ნდობის მატარებელი, პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკოსები უნდა წარმოადგენდნენ, რომლებიც ქვეყნისა და საჯარო ინტერესებს პირადზე მაღლა აყენებენ. ვისურვებ, რომ ასეთ კოალიციაში დავინახო საკუთარი პარტია და არ ვიყო მონაწილე იმ მძიმე წარსულისა და აწმყოს, რომლებიც შესაცვლელია“, – აღნიშნა დეპუტატმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშია“-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.