ეკა ბესელია აცხადებს, რომ „პატრიოტების“ რეზოლუციაზე გუნდის წევრები პოზიციებს შეაჯერებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ
ეკა ბესელია აცხადებს, რომ „პატრიოტების“ რეზოლუციაზე გუნდის წევრები პოზიციებს შეაჯერებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ

როცა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალური პროკურორი, იუსტიციის, შს, სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრები მსჯავრდებულები არიან, ანუ ყველა მაღალი თანამდებობის პირის მიმართ არის გამოტანილი სასჯელი სხვადასხვა ეპიზოდზე და კვლავ მიმდინარებოს გამოძიება, ზუსტად ეს ნიშნავს, რომ იყო სისტემური დანაშაული, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. რეზოლუციის პროექტი “პატრიოტთა ალიანსს“ ეკუთვნის.

ეკა ბესელიას თქმით, 2004-2012 წლებში ქვეყანაში ხდებოდა სისტემური დანაშაულები, ილახებოდა ადამიანების უფლებები.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე მისი პოზიცია უცვლელია და სრულად იზიარებს იმ რეზოლუციის ტექსტს, რომელიც „პატრიოტთა ალიანსმა“ მოამზადა, თუმცა აქვს ამბობს, რომ ამ საკითხზე გუნდის წევრებს პოზიციების შეჯერება დასჭირდებათ.

„მე დღესაც ვიზიარებ იმ აზრს, რაც წერია დადგენილებებში, რომ 2004-2012 წლებში, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, იყო სისტემური დანაშაულები, იყო ძალადობრივი სისტემა, ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფა და ეს რეჟიმი ნამდვილად იყო ძალადობრივი. მე ამ შეფასებაში აბსოლუტურად იგივე პოზიცია მაქვს დღესაც და რამდენი რეზოლუციაც არ უნდა დავწეროთ, იმდენჯერვე იგივე პოზიცია მექნება, არასოდეს არ შევიცვლი ამ აზრს. შეუძლებელია, იმ დოკუმენტების ერთ-ერთმა ავტორმა დღეს სხვა აზრით გავიღვიძო და სხვა პოზიცია მქონდეს. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, მათ კონსულტაციებისთვის სჭირდებათ დრო, თან პოზიციებსაც შეაჯერებენ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას კენჭს 4 ოქტომბერს უყრიან.

ფრაქცია „პატრიოტებმა“ მოამზადეს რეზოლუცია – „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“. დოკუმენტი, რომელსაც 300 ათასი მოქალაქე აწერს ხელს, ფრაქციამ პარლამენტს წარუდგინა. მასში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა დანაშაულზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ უნდა დაეკისროთ.