ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისი შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებულია პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მისი შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, როგორი განვითარება ექნება პოლიტიკურ პროცესებს.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ პროცესმა ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელი სახე არ მიიღოს.
„ყველა ჩემს განცხადებას მაქსიმალურად ფრთხილად და მოზომილად ვეკიდები. ყველა ჩემი კომენტარის დროს მოპასუხის როლში ვარ და არა თავდამსხმელის როლში. ცალკეულ არასწორ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება მიწევს, მაგრამ ის ადამიანი არ ვარ, რომელიც ან სადმე იმალება ან რამე მოსარიდებელი აქვს და ვინმე შანტაჟის ენით დაელაპარაკება. იმ გუნდთან ერთად ვარ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს დააფუძნა. ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ, ვაგრძელებ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ჩემი შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, როგორი განვითარება ექნება ამ პროცესს. ჯანსაღად წარიმართება პროცესი და ყველა ერთად შევთანხმდებით, რომ იმ პირობებს ვასრულებთ, რომელიც მოსახლეობას ვუთხარით. თუ ეს ასე არ მოხდება და ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან და გამარჯვების მერე მოვიდნენ კომფორტულ გარემოში, სხვა პოზიციას აირჩევენ, ჩემს პოზიციებს შემდეგ გადავხედავ. ერთი ვიცი, ბრძოლას გავაგრძელებ.
ბიძინა ივანიშვილის სახელით მანიპულირებას თავი დაანებონ. მას ისედაც ბევრი უსამართლობის ატანა უწევს. მე ვიცი, ვისაც ველაპარაკები და იცის მანაც, ვისაც ვგულისხმობ“, – განაცხადა ბესელიამ.
კითხვაზე, საკუთარ განცხადებაში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გულისხმობს თუ არა, ბესელიამ უკომენტაროდ დატოვა.