ეკა ადამია - თურქული წამლების ბაზარზე გამოსვლა მოსახლეობამ აღიქვა როგორც გარკვეული აქცია და ჭარბი რაოდენობით მოხდა შეძენა, თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა უწყვეტად გაგრძელდება
ეკა ადამია - თურქული წამლების ბაზარზე გამოსვლა მოსახლეობამ აღიქვა როგორც გარკვეული აქცია და ჭარბი რაოდენობით მოხდა შეძენა, თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა უწყვეტად გაგრძელდება

თურქეთი დაემატა აღიარებითი ქვეყნების სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქული მედიკამენტები მარტივად შემოვა ბაზარზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თურქული წამლების ბაზარზე გამოსვლა მოსახლეობის მხრიდან აღქმული იყო, როგორც გარკვეული აქცია და ცოტა ჭარბი რაოდენობით მოხდა მედიკამენტების შეძენა.

„რეალურად თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა უწყვეტად გაგრძელდება, კიდევ უფრო მოიმატებს იმპორტი თურქეთიდან და დეფიციტი აღმოიფხვრება. თავიდან ყველა იმპორტიორს არ ჰქონდა სრულად შემოტანილი და ნელა-ნელა სწორდება ეს პროცესი, რამე პრობლემა შეიძლება იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოსწორებადია“, – განაცხადა ეკა ადამიამ.

ამასთან, ეკა ადამიამ ელექტრონული რეცეპტებსა და გენერიკულ მედიკამენტებზე ისაუბრა.

„რეფორმა გამოწვეულია იმით, რომ ჩვენს მოსახლეობას მიეწოდოს იაფი და ხარისხიანი მედიკამენტი, ასევე ფარმაცევტულ ბაზარზე შეიქმნას კონკურენტული გარემო. ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველსაყოფად შემუშავდა კონკრეტული ღონისძიებები სამოქმედო გეგმის სახით. უპირველესი კომპონენტი იყო ელექტრონული რეცეპტის დანერგვა, შემდეგი ეტაპი ეხება გენერიკული მედიკამენტების გამოწერა ელექტრონული რეცეპტების საშუალებით. გენერიკული რეცეპტების შემთხვევაში ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ბაზარზე არსებობს მრავალი სავაჭრო დასახელებით მედიკამენტები განსხვავებული წარმოებისა და ფასის. ამ რეფორმით ხელს ვუწყობთ, პაციენტს ჰქონდეს საუკეთესო არჩევანი, რომ მისი მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტი მიიღოს შედარებით ხელსაყრელ ფასად, შესაბამისი ხარისხის. ჩვენ მიერ განისაზღვრა ე.წ. პოზიტიური სია მედიკამენტების, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პაციენტმა შეთავსებადი მედიკამენტი მიიღოს იმისა, რასაც მას დაუნიშნავს ექიმი. გენერიკული რეცეპტები ეხება მეორე ჯგუფის მედიკამენტებს, რომელიც არის დიდი რეცეპტული ჯგუფი, პირველი ჯგუფის მედიკამენტებიდან გენერიკული რეცეპტები ეხება ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. ელექტრონული რეცეპტები ძალაში შევიდა პირველი აპრილიდან და ამ პერიოდიდან გამოვლინდა 27 აფთიაქი, სადაც არ ხდებოდა ელექტრონული რეცეპტით გაცემა, მათზე გამოიწერა სანქცია, მიეცათ მითითება. რაც შეეხება გენერიკული რეცეპტის გამოწერას, 11 აპრილიდან არის ძალაში და 1 მაისიდან დაექვემდებარება სანქციებს. ჩვენი მაკონტროლებელი ორგანო აქტიურად და სისტემატიურად შეამოწმებს ამ პროცესს“, – განაცხადა ადამიამ.