ეკა ადამია - კორონავირუსთან ბრძოლის პირველი რიგის ამოცანა არის პრევენციული ღონისძიებები
ეკა ადამია - კორონავირუსთან ბრძოლის პირველი რიგის ამოცანა არის პრევენციული ღონისძიებები

ამ ეტაპზე „კოვიდ 19“-თან ბრძოლის პირველი რიგის ამოცანა არის პრევენციული ღონისძიებები, – ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მისი გავრცელების აღკვეთას, რომ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გავრცელდეს და გავრცელების მასშტაბი შევამციროთ, პირველი რიგის ღონისძიება არის სავარაუდო კონტაქტირებული პირების ან საეჭვო, შესაძლო შემთხვევების კარანტინში მოთავსება. თუ ისინი ამ ინფექციის მატარებლები არიან, საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში შემხებლობა არ უნდა ჰქონდეთ ბევრ ადამიანთან და სხვების დასნებოვნება არ მოხდეს“, – განაცხადა ეკა ადამიამ.

ამ განცხადებით ეკა ადამიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა გახდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ზომების გამკაცრების მიზეზი სავალდებულო კარანტინთან, აეროპორტებში შემოწმებასთან და ასევე, შესაბამისი ცნობების წარმოდგენასთან დაკავშირებით, რომელიც დაადასტურებს, რომ მოქალაქეს „კოვიდ 19“-ზე კვლევა ჩატარებული აქვს.

მისი თქმით, კარანტინში მყოფი პირებიდან ჯერჯერობით, ინფექცია არც ერთს არ დაუდგინდა და ისინი ბინაზე მშვიდად ეწერებიან.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა არის რისკფაქტორები, რამაც შესაძლოა, დაინფიცირების შემთხვევები გაზარდოს ან პირიქით, მინიმუმამდე დაიყვანოს და რამდენად რეალისტურია, ამა თუ იმ ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლებთან დაკავშირებით რეგულაციების დაწესებამ რისკი შეამციროს, ეკა ადამიამ განაცხადა, რომ პროცესების სამართავად სხვადასხვა მექანიზმები უნდა ჩაირთოს.

„ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისთვის, რომ სხვა მექანიზმებიც ჩავრთოთ ამ პროცესის სამართავად და ფრენებით ნაკადი ასე ვთქვათ, უფრო ნაკლები იყოს. როდესაც ფრენები შევწყვიტეთ ირანთან და ჩინეთთან, ჩვენი მოქალაქეები საკუთარი სახსრებით გამოვიყვანეთ და ისინი კარანტინში მოთავსდნენ. ზუსტად იგივე მექანიზმი ჩაირთვება იტალიის შემთხვევაში და იტალიიდან ჩამოსული პირებიც დაექვემდებარებიან კარანტინს“, – განაცხადა ეკა ადამიამ.

მისი თქმით, პრევენციის ზომები ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა დავიცვათ ის ღონისძიებები, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული.

„შესაძლოა, ცალკეულ ადამიანთან მსუბუქად მიდის სიმპტომები, იმკურნალებს და გამოჯანმრთელდება, მაგრამ არის მოქალაქეების ის დაუცველი ფენა, რომელსაც შესაძლოა, კორონავირუსი შეხვდეს და მისთვის ეს ფატალური აღმოჩნდეს. ამიტომ, პრევენციის ზომები ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა დავიცვათ ის ღონისძიებები, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. პირველი რიგის ღონისძიება არის ის, რომ თუ საეჭვო კონტაქტი ხარ ან ბოლო თოთხმეტი დღის განმავლობაში მაღალი რისკის ქვეყნებში იმოგზაურე და გავრცელების ინკუბაციური პერიოდი გასული არ არის, ადამიანებთან კონტაქტისგან თავშეკავება მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა ეკა ადამიამ.