„ეიბისიმ“ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატების წესები გამოაქვეყნა
ტელეკომპანია „ეიბისიმ“ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატების წესები გამოაქვეყნა. დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის დებატები 10 სექტემბერს გაიმართება.
არხის ჟურნალისტების ინფორმაციით, დებატები გაიმართება ეროვნულ საკონსტიტუციო ცენტრში, ფილადელფიაში. მოდერატორები იქნებიან პროგრამა „ვორლდ ნიუს თუნაითისის“ წამყვანი და მთავარი რედაქტორი დევიდ მიური და პროგრამა „პრაიმის“ წამყვანი ლინსი დევისი. დებატები არ ითვალისწინებს მაყურებლების დასწრებას და გაგრძელდება 90 წუთს, ხოლო მიკროფონი ჩართული იქნება მხოლოდ იმ კანდიდატისთვის, ვისი საუბრის რიგიც იქნება. კითხვების დასმის უფლება მხოლოდ მოდერატორებს ექნებათ.
როგორც ჟურნალისტებმა აღნიშნეს, კანდიდატებს არ ექნებათ შესავალი სიტყვა, ხოლო დასკვნითი გამოსვლები გაგრძელდება თითოეული კანდიდატისთვის ორი წუთის განმავლობაში. თითოეულ კითხვაზე პასუხის დრო ასევე შეზღუდული იქნება ორი წუთით, კიდევ ორი წუთი იქნება მეტოქის განცხადების უარყოფისთვის და კიდევ ერთი – დაზუსტებისთვის, განმარტებისთვის ან პასუხისთვის. კანდიდატები დებატების დროს ტრიბუნებთან იდგებიან, ხოლო სცენაზე არ იქნება რაიმე რეკვიზიტი. თითოეული კანდიდატს გადასცემენ კალამს, ბლოკნოტს და წყლის ბოთლს.
სარეკლამო პაუზების დროს კანდიდატების სარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს კანდიდატებთან კომუნიკაცია არ შეეძლებათ. ამავე დროს ტელეარხის შეტყობინებაში არ არის მითითებული, დათანხმდნენ თუ არა კანდიდატები ამ წესებს.
ტელეკომპანიის ცნობით, 3 სექტემბერს ჩატარდა ვირტუალური წილისყრა, რათა განესაზღვრათ პოდიუმზე ადგილი და დასკვნითი გამოსვლების რიგითობა. ეს პრეროგატივა ტრამპს ერგო და მან აირჩია რიგითობა.