„ეიბისი ნიუსი“ - საუდის არაბეთში 2019 წელს რეკორდული რაოდენობის სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა
საუდის არაბეთში 2019 წელს რეკორდული რაოდენობის სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ ადგილობრივი ჰუმანიტარული ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
„ეიბისი ნიუსის“ ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში სამეფოში საერთო ჯამში 184 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათგან 90 სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო. ცნობილია, რომ სიკვდილმისჯილთაგან 82 ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდისთვის იყო მსჯავრდებული, 67 მათგანს კი, მკვლელობის ბრალი ჰქონდა დამტკიცებული.
ამასთან ერთად, „ეიბისი ნიუსი“ იუწყება, რომ ადგილობრივი ჰუმანიტარული ორგანიზაცია სასიკვდილო განაჩენების რაოდენობას საუდის არაბეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემების მიხედვით 2015 წლის შემდეგ აღრიცხავს. მას შემდეგ 2019 წლის მაჩვენებელი რეკორდულია. შედარებისთვის, 2014 წელს საუდის არაბეთში სასიკვდილო განაჩენი 88 მსჯავრდებულის წინააღმდეგ აღასრულეს.
ამასთან ერთად, 2020 წლის პირველ თვეში საუდის არაბეთში უკვე ოთხი მსჯავრდებული დასაჯეს სიკვდილით.
ბოლო რამდენიმე წელია, საუდის არაბეთი ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. მათ შორის არის „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა. ის სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ამასთან ერთად, ოფიციალურ ერ-რიადს ხშირად აკრიტიკებენ იემენში მიმდინარე ომის ფარგლებში ჰუმანიტარული კრიზისის წარმოქმნაში.