ეგზოპლანეტის ატმოსფეროში აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც დედამიწაზე უხვად არის — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
ჰიდროქსილის მოლეკულა (HO) დედამიწაზე საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რამდენად არის ის წარმოდგენილი სხვა პლანეტებზე. პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა ის ბოლოსდაბოლოს დააფიქსირეს ულტრეცხელი იუპიტერის ტიპის პლანეტა WASP-33b-ის ატმოსფეროში.
WASP-33b უცნაური ეგზოპლანეტაა. მდებარეობს ჩვენგან 400 სინათლის წლის მანძილზე და მიეკუთვნება ე. წ. ულტრაცხელი იუპიტერის ტიპის პლანეტებს: გაზის გიგანტებს, რომლებიც საკუთარ დედავარსკვლავთან იმაზე ახლოს მოძრაობენ, ვიდრე მერკური ჩვენს მზესთან.
ასეთი უკიდურესი სიახლოვის გამო, WASP-33b-ის ატმოსფეროს ტემპერატურა 2500 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება, ტემპერატურაზე, რომელზეც ლითონების უმეტესობა დნება.
ეს ეგზოპლანეტა უცხო პლანეტების ატმოსფეროების შესწავლის დიდებული კანდიდატია, რადგან ასე ძალიან ცხელია. ამ ტემპერატურაზე, ატმოსფეროში არსებული ქიმიური ნაერთები გამოყოფენ რადიაციას, რომელსაც განსხვავებული სპექტრული ხელწერა აქვს.
საკუთარი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობისას, WASP-33b-იდან ქიმიურ ნივთიერებათა მიერ გამოყოფილი რადიაცია პერიოდულად განიცდის წითელ და ცისფერ წანაცვლებებს, რაც ასტრონომებს ვარსკვლავის ნათების ფონზე მათი გამორჩევის საშუალებას აძლევს.
ამ მეთოდის გამოყენებით, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ბელფასტის ქვინზის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგიის ცენტრის მკვლევართა ხელმძღვანელობით, სუბარუს ტელესკოპით სცადა WASP-33b-ის ატმოსფეროში ქიმიურ ნივთიერებათა ხელწერის პოვნა.
შედეგად აღმოაჩინეს ჰიდროქსილი, მოლეკულა, რომელსაც ერთი ჟანგბადის და ერთი წყალბადის ატომი აქვს (OH). სავარაუდოდ, ჰიდროქსილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს WASP-33b-ის ატმოსფეროს ქიმიურ ნაზავში, რადგან ის ურთიერთქმედებს წყლის ორთქლთან და ნახშირბადის მონოოქსიდთან (ნახშირჟანგი).
უფროსი მკვლევრის, დოქტორ სტივანუს ნაგროჰოს განცხადებით, მზის სისტემის მიღმა, სხვა პლანეტის ატმოსფეროში OH პირველად დააფიქსირეს პირდაპირ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ასტრონომებს შეუძლიათ ის არა მხოლოდ დააფიქსირონ ეგზოპლანეტის ატმოსფეროში, არამედ დაიწყონ ამ პლანეტური პოპულაციის დეტალური ქიმიური კვლევაც.
დედამიწაზე ჰიდროქსილი ატმოსფეროში მაშინ წარმოიქმნება, როდესაც წყლის ორთქლი ჟანგბადთან ურთიერთქმედებს. WASP-33b-ზე ჰიდროქსილი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ვარსკვლავიდან მომდინარე ძლიერი სიცხე წყლის ორთქლს ურტყამს.
„ჩვენს მონაცემებში წყლის ორთქლის მხოლოდ სუსტი სიგნალი ვნახეთ, რაც მხარს უნდა უჭერდეს იდეას, რომ ამ ექსტრემალურ გარემოში წყალი იშლება და ჰიდროქსილს წარმოქმნის“, — განმარტავს კვლევის თანაავტორი ერნსტ დე მუჯი.
კვლევის კიდევ ერთი თანაავტორის, დუბლინის ტრინიტი კოლეჯის ასისტენტ-პროფესორის, ნილ გიბსონის განცხადებით, ეგზოპლანეტების მეცნიერება შედარებით ახალია და თანამედროვე ასტრონომიის საკვანძო მიზანი სწორედ ამ პლანეტათა ატმოსფეროების დეტალური კვლევა, რამაც საბოლოოდ უნდა გვაპოვნინოს დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტები.
მისივე თქმით, ყოველი ატმოსფეროს აღმოჩენა კიდევ უფრო აუმჯობესებს ჩვენს წარმოდგენას ეგზოპლანეტების შესახებ, ასევე ხვეწს იმ მეთოდებს, რომლებიც მათი კვლევისთვის არის საჭირო; საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი სულ უფრო გვაახლოებს ამ მიზანთან.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.