ეგზიტპოლის შედეგებით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში მთავარ კონკურენტ პარტიებს კვლავ მინიმალური სხვაობა აქვთ
ეგზიტპოლის შედეგებით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში წინ მთავარ კონკურენტ პარტიებს კვლავ მინიმალური სხვაობა აქვთ. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 31-დან 33-მდე სავარძლის მოპოვებას შეძლებს. ბენ განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ კი, პარლამენტში 32-დან 34-მდე ადგილს დაიკავებს.
აპრილში გამართული არჩევნების შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ მოკავშირეებთან კოალიცია ვერ ჩამოაყალიბა მას შემდეგ, რაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის მხარდაჭერა დაკარგა.
ბენი განცი 2012 და 2014 წლებში ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა და პრემიერი ნეთანიაჰუ მას წარსულში შესანიშნავ სამხედრო მეთაურად მოიხსენიებდა.
ისრაელში 120-ადგილიან ქნესეთში მოსახვედრად 30-ზე მეტი პარტია იბრძვის. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარლამენტის 61 მანდატია საჭირო.
საპარლამენტო არჩევნებამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამომრჩევლებს ახალ ტერიტორიებს დაჰპირდა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ნეთანიაჰუს თქმით, მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილსა და იორდანეს ველზე ისრაელის სუვერენიტეტი გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ლიკუდის“ გამარჯვების შემთხვევაში, ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მეხუთე ვადით დაიკავებს.