ისრაელის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ისრაელის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ისრაელის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ქვეყნის მთავრობის ყოფილ მეთაურ ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ლაპიდი ტელეფონით დაუკავშირდა ნეთანიაჰუს, წარმატება უსურვა და პირობა დადო, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი ყველა წესის დაცვით მოხდება.

არჩევნების საბოლოო შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ და მათმა პარტნიორებმა, ულტრამემარჯვენე და რელიგიურმა ძალებმა, ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში 64 ადგილი მოიპოვეს.

ამრიგად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებიდან 14 თვის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის მთავრობაში ბრუნდება.

„ბიბისის“ ცნობით, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ქრთამის აღებისა და თაღლითობის მუხლით საქმეა აღძრული, რომლის განხილვა შემდეგ კვირაში განახლდება. თავად ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.

გამარჯვების შემდეგ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ჩამოაყალიბებს ისეთ მთავრობას, რომელიც გამონაკლისის გარეშე, ისრაელის ყველა მოქალაქეზე იზრუნებს.