ეგზიტპოლის მიხედვით, ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნებში მემარცხენეთა და „მწვანეთა“ კოალიცია ლიდერობს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ულტრამემარჯვენეებმა მოიპოვეს
ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნებში მემარცხენეთა და „მწვანეთა“ კოალიცია ლიდერობს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ულტრამემარჯვენეებმა მოიპოვეს.
ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ადგილზე ხეერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ გავიდა.
წინასწარი შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის ევროპარლამენტში ვილდერსის პარტიას შვიდი დეპუტატი ეყოლება, ხოლო მემარცხენეთა და „მწვანეთა“ კოალიციას – რვა.
ულტრამემარჯვენეებისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, რადგან „თავისუფლების პარტიას“ წინა მოწვევის პარლამენტში არცერთი მანდატი არ ჰქონდა და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის შეყვანა მხოლოდ „ბრექსიტის“ შემდეგ შეძლო.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მემარცხენე პარტიებმა 2019 წლის შედეგებთან შედარებით ერთით ნაკლები საპარლამენტო მანდატი მიიღეს, თუმცა ქვეყანაში ამომრჩეველთა ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჯერ კიდევ აქვთ.
ნიდერლანდებში გამართული არჩევნების საბოლოო შედეგები 9 ივნისს, ღამით, მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ხმის მიცემის პროცესი ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში დასრულდება.