ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი მეხიკოს ყოფილი მერი კლაუდია შეინბაუმი ხდება
ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი მეხიკოს ყოფილი მერი კლაუდია შეინბაუმი ხდება. „ბიბისის“ ცნობით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ 61 წლის ყოფილმა მერმა გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 56% მოიპოვა და მთავარი კონკურენტი შოუჩიტლ გალვესი დაამარცხა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ეს არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. ხმის მისაცემად 98 მილიონზე მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდა.
საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები დღეს გამოცხადდება.
ამომრჩევლები ასევე ირჩევენ მექსიკის კონგრესის ყველა წევრს, გუბერნატორებს რვა შტატში და მეხიკოს მერს.
„ბიბისის“ ცნობით, მექსიკაში საარჩევნო კამპანიის პერიოდში უპრეცედენტო რაოდენობის ძალადობრივი თავდასხმები დაფიქსირდა. მექსიკის ხელისუფლების ცნობით, 2023 წლის სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე არჩევნებში მონაწილე 38 კანდიდატია მოკლული.