ძველი ეგვიპტის ქალაქი ჰერაკლიონი ერთ დროს ფუსფუსა სავაჭრო ნავსადგური იყო. ამჟამად ის ხმელთაშუა ზღვაში, 45 მეტრ სიღრმეზეა ჩაძირული. ცოტა ხსნის წინ, მყვინთავებმა ჩაძირულ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს მას შემდეგ, რაც ოცი წლის წინ ეს ქალაქი იპოვეს.
ერთ-ერთი წყალქვეშა ექსპედიციის დროს, ეგვიპტელმა და ევროპელმა ექსპერტებმა დიდი ტაძრის მნიშვნელოვან ნაშთებს მიაგნეს, იქვე აღმოაჩინეს ძვირფასეულობითა და მონეტებით დატვირთული გემები.
არქეოლოგთა აზრით, ეს უნდა იყოს ჰერაკლიონის მთავარი ტაძრის ქვის სვეტები და პატარა ბერძნული ტაძრის ნაშთები.
დიდი ოდენობით განძეული მიუთითებს, კიდევ რამდენ საიდუმლოს ფლობს ეს მომაჯადოებელი ქალაქი, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში დალექილი ტალახისა და სხვადასხვა დეპოზიტების საბურველშია გახვეული.
აღმოჩენა შესაძლებელი გახდა სკანირების დახვეწილი ხელსაწყოების საშუალებით, რომლებსაც ზღვის ფსკერზე და მის ქვეშაც კი შეუძლია ობიექტების შემჩნევა.
თანამგზავრებიდან მიღებული გეოფიზიკური მონაცემების, ექო ზონდების, ბირთვული მაგნიტური რეზონანსის მაგნიტომეტრებისა და სკანირების ხელსაყწოების მონაცემთა შეჯერების საფუძველზე, მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა ჰერაკლიონის სიახლოვეს განთავსებულ ნავსადგურთა ჯგუფი, რომელიც აქამდე შეუმჩნეველი იყო.
ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ, არქეოლოგიური მყვინთავები წყალში ჩაეშვნენ, რათა ეს ობიექტები უშუალოდ ეხილათ. გარდა ტაძრებისა, მყვინთავებმა მიაგნეს ფარაონ პტოლემე II-ის ეპოქის (ძვ.წ. 283-246) ბრინჯაოს მონეტებს, კერამიკას, იუვილერიას, გემებში მოთავსებულ სხვადასხვა შემნახველ ჭურჭელს.
არქეოლოგებმა ასევე იპოვეს ბიზანტიური ეპოქის მონეტები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქი დასახლებული იყო სულ მცირე ძვ. წ. მეოთხე საუკუნიდან.
მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა ახლომდებარე კიდევ ერთ ჩაძირულ ქალაქ კანოპუსშიც. მათ შორის არის პტოლემეებისა და ბიზანტიის პერიოდების მონეტები, პტოლემეების ეპოქის ბეჭდები და საყურეები.
ჰერაკლიონი მდინარე ნილოსის ნაპირებზე ძვ. წ. მერვე საუკუნეში დაარსდა. ეს სახელი ეწოდა ლეგენდის გამო, რომლის მიხედვითაც, ქალაქს ერთხელ გმირი ჰერაკლე სტუმრობდა. ჰერაკლიონს არაოფიციალურად ეგვიპტის ატლანტიდასაც უწოდებენ.
მკვლევართა განცხადებით, ახალი აღმოჩენები კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ქალაქების სილამაზესა და დიდებაზე, მათი დიდი ტაძრების ბრწყინვალებასა და ისტორიულ მტკიცებულებათა სიუხვეზე.
უცნობია, როგორ აღმოჩნდა ქალაქი წყალქვეშ, მაგრამ მეცნიერთა ვარაუდით ამის მიზეზი უნდა გამხდარიყო ზღვის დონის მატება, სეისმური აქტივობა და ქანების არამდგრადობა, რის გამოც, ჰერაკლიონი დაახლოებით 1000 წლის წინ ხმელთაშუა ზღვის ქვეშ აღმოჩნდა.
არქეოლოგები კვლევებს განაგრძობენ. მათი განცხადებით, ამ დროისთვის ჰერაკლიონის მხოლოდ ხუთი პროცენტია აღმოჩენილი.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.