ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, 112 ადამიანი დაშავებულია

00:31, 09.11.2026

ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, მათ შორისაა მატარებლის მემანქანე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ 112 ადამიანი დაშავებულია.

ავარია გიზის სამხრეთით, ქალაქ ალ-აიატთან მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ორივე მატარებელი ერთი მიმართულებით, სამხრეთისკენ მიდიოდა. კაირო-ასუანის მატარებელი ლიანდაგზე გაჩერებული იყო, გიზა-ფაიუმის მატარებელი კი უკნიდან შეეჯახა. შეჯახებისას რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. გამომძიებლები ვაგონებს, ლიანდაგებსა და შემთხვევის ადგილს შეისწავლიან. ეცდებიან, გამოავლინონ ხარვეზები მატარებლების მოძრაობის წესებსა და უსაფრთხოების ზომებში.

ამასთან, ტრანსპორტის მინისტრი ქამელ ალ-ვაზირი შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. მოქალაქეთა ნაწილი მის გადადგომას ითხოვს, რადგან, მათი განმარტებით, მატარებლების ავარიები ხშირია.

მსგავსი